04 თებერვალი 2023,   05:51
ვრცლად
კიდევ ერთი ტრაგედია, რომელიც უმნიშვნელო კონფლიქტით დაიწყო და 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობით დასრულდა - რა მოხდა ცხვარიჭამიაში

კიდევ ერთი ტრაგედია, რომელიც უმნიშვნელო კონფლიქტით დაიწყო და 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობით დასრულდა.

დანაშაულის სავარაუდო მოტივის შესახებ "კურიერის" მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას ცხვარიჭამიაში გამართული თავყრილობის ერთ-ერთი მონაწილის ადვოკატიც ადასტურებს. ფიქრია მახარაძე დეტალურად ყვება, თუ როგორ განვითარდა მოვლენები წვეულებაზე, რომელიც 20 წლის მირიან კუკავასთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ახალგაზრდების ორი ჯგუფი საერთო მეგობრის, ქეთათო არაბულის დაბადების დღეზე შეიკრიბა. კონფლიქტი ალკოჰოლის მიღების შემდეგ დაიწყო. "კურიერის" ინფორმაციით, ნასვამ ახალგაზრდებს შელაპარაკება მხარზე ხელის შემთხვევით გარტყმაზე მოუვიდათ, რაც საქმის გარჩევაში გადაიზარდა. მოგვიანებით, დაპირისპირებულმა მხარეებმა აგარაკიდან რამდენიმე მეტრში გადაინაცვლეს, სადაც მირიან კუკავას დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

გულ-მკერდის არეში დაჭრილმა ახალგაზრდამ ეზოში დაბრუნება მოახერხა და იქვე მდგარ ავტომობილთან ჩაიკეცა. თავად მკვლელობაში ბრალდებული კი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. ის 22 წლის . სამართალდამცველებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს. წვეულების მონაწილეებიდან შვიდი პირი კი ჯგუფური ხულიგნობის, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დააკავეს. შვიდივე მათგანი დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატებმა უკვე მოინახულეს. ერთ-ერთი დაკავებული იზოლატორში საავადმყოფოდან გადაიყვანეს. მისი ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ მოზარდი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება წვეულების მასპინძელმა გამოიძახა. სოფო ჩოხელი იუბილარის დედაა, რომელიც აგარაკზე მოზარდებთან ერთად იმყოფებოდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასწრაფოს მისვლისას მირიან კუკავა ცოცხალი, თუმცა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში გადაყვანის დროს, გზაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი, ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ახლობლები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ, თუმცა მათთვის უცნობია, რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი.

მომხდარის დეტალები არც ცხვარიჭამიაში, ჩოხელების მეზობლებმა იციან. ადგილობრივები ამბობენ, რომ საზარელი დანაშაულის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს.

უკვე გამოკითხულია 40-მდე მოწმე და წვეულების ყველა მონაწილე. 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება.

დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე დავით ჯიჯეიშვილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა 22 წლის მამაკაცს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯოს.

დღის ამბები