



თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ე.წ. აფრიკის დასახლებაში უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი მოახდინა.
ნაგებობები სპეცტექნიკამ ტერიტორიაზე გამთენიისას აიღო. საუბარია სამ კაპიტალურ შენობაზე, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობდა - აღებულია ასევე ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, უკანონო მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით მათ მფლობელებს არაერთხელ მიმართეს - დემონტაჟისთვის ვადაც მისცეს, რომელიც ორშაბათს ამოიწურა.
აფრიკის დასახლებაში მსგავსი ფაქტი პირველი არ არის - 12-მდე უნებართვო ნაგებობა შესაბამისმა სამსახურმა დაახლოებით ერთი წლის წინ აიღო.