30 ივნისი 2022,   02:47
ვრცლად
სტიქია სამეგრელოში - ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოვარდნილმა წყალმა ასწლოვანი ხეები წააქცია

სამეგრელოში სტიქიაა. წვიმამ რეგიონში პრობლემები შექმნა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ადიდდა მდინარეები.

ხობსა და სენაკში დატბორილია სახლების პირველი სართულები და ქუჩები. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. დაზიანდა ხიდები და შიდა გზები.

ადგილზე მუშაობდნენ მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები. გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად დაიწყო ზარალის დათვლაც.

განსაკუთრებულად რთული ვითარებაა ხობის მუნიციპალიტეტში. საცხოვრებელი სახლების დატბორვის გარდა, მოსახლეობას დაეხოცა შინაური ცხოველები და ფრინველი.

ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თქმით, მიყენებული ზიანის მასშტაბების გარკვევის შემდეგ, შესაბამისად, აანაზღაურებენ ზარალს და დაიგეგმება აღდგენითი სამუშაოები.

რთული ვითარებაა სენაკში, სადაც ადიდებული მდინარის გამო გზა რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო. აქაც ზარალი მიადგა მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, წინასწარი მონაცემებით, ზარალი, დაახლოებით, 6 მილიონ ლარამდეა.

სტიქიამ ზიანი მიაყენა ზუგდიდსაც, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ძველი ასწლოვანი ხეები წააქცია მოვარდნილმა წყალმა.

სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე, ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის 23 ივნისს დროებით დაიკეტა

დღის ამბები