15 ივნისი 2026,   00:59
ვრცლად
"ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში მტკიცებულება დასაბუთებულად არ არის წარმოდგენილი" - კაკულიების ადვოკატი

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ძმების, დავით და გუგა კაკულიების სასამართლო პროცესი იწყება. მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, ადვოკატი გირაოს. მათ ბრალი ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში, საზღვრის უკანონო კვეთასა და იარაღის შეძენა-შენახვაში წაუყენეს. დაკავებულები არც ერთ ნაწილში ბრალს არ აღიარებენ.

გამოძიების ინფორმაცით, 27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე 10-ზე მეტი გასროლა სწორედ ძმებ კაკულიებს უკავშირდება. დაიჭრა ორი პირი. არ არის გამორიცხული, მათ ბრალი კიდევ დაუმძიმდეთ. ერთ-ერთი ვერსიით, მათი სახელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს.

პროცესს დაესწრება დავით და გუგა კაკულიების დედა, რომელიც უკვე მოვიდა სასამართლოსთან, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ბრალდებულ დავით და გუგა კაკულიების ადვოკატი, გიორგი ანთაძე ამბობს, რომ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ნაწილში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები გამართლდებიან, რადგან ამ ეპიზოდზე დასაბუთებული ვარაუდი არ არსებობს.

"ვიცით, რომ დღევანდელ სხდომაზე ბრალდება შუამდგომლობს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. ჩვენ მოვითხოვთ გირაოს გამოყენებას, თუმცა დაველოდებით და ვნახავთ სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მკვლელობის მცდელობის ნაწილში მტკიცებულება დასაბუთებული ვარაუდის კი არა, ჭორის ვარაუდის სტანდარტითაც არ არის წარმოდგენილი, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზე საბოლოოდ მივიღებთ შედეგს, რომ აღნიშნული პირები ბრალდების ამ ნაწილში გამართლდებიან," - აცხადებს ადვოკატი.

დღის ამბები