09 ოქტომბერი 2026,   08:44
ვრცლად
OMW Petrom საქართველოს შავი ზღვის შელფში ბუნებრივი აირის მარაგების მოძიების პროცესს დაიწყებს - ლევან დავითაშვილი რუმინული ენერგეტიკული კომპანიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრიულ - რუმინული ენერგეტიკული კომპანიის OMW Petrom-ის დელეგაციას შეხვდა.

უწყების ცნობით, საუბარი წარიმართა OMW Petrom-ის საქმიანობაზე საქართველოში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შავი ზღვის შელფში ბუნებრივი აირის მარაგების მოძიების პროცესის დაწყებას. აღნიშნული კომპანია რუმინეთში უკვე ახორციელებს შავი ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებით სამუშაოებს. ბიუჯეტი საქართველოს პროექტისთვის შეადგენს 30 მლნ აშშ დოლარს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და ნავთობისა და გაზის სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ პროექტის წარმატებით განვითარების მნიშვნელობას, რომელსაც OMW Petrom - ი საქართველოს შავი ზღვის შელფზე ახორციელებს. აღინიშნა, რომ ექსპერტული შეფასებით საქართველოს შელფზე ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მარაგებია. ითქვა, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში OMW Petrom - ი სამგანზომილებიან სეისმურ საძიებო სამუშაოებს განახორციელებს, პროექტის მომდევნო ეტაპზე კი ბურღვა დაიწყება.

კომპანიამ ასევე სურვილი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან განახორციელოს გაცვლითი პროგრამები საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის.

"საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიულია. ჩვენ შარშან გავაფორმეთ კონტრაქტი საქართველოს მთავრობასთან, რომლის ფარგლებშიც წელს ვაპირებთ სამგანზომილებიანი სეისმური ძიების განხორციელებას. ვუსურვებთ როგორც საკუთარ თავს, ასევე საქართველოს უდიდეს წარმატებას სეისმური მონაცემების შეგროვების საქმეში. თუ ყველაფერი კარგად წავა, ჩვენ გადავდივართ მონაცემების ანალიზის შემდეგ ეტაპზე და მოუთმენლად ველით 2024 წელს შესაძლო ბურღვითი სამუშაოების დაწყებას. ჩვენ ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული რესურსები," - განაცხადა კომპანია OMV Petrom S.A - ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრუ მაქსიმესკუმ.

დღის ამბები