საქართველოში, წინასწარი მონაცემებით, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს მილიონ 152 ათასი დოლარი შეადგინა - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ეს ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.
ექსპერტები ამ მაჩვენებელს გაზაფხულზე მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებენ, რომელიც კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებას ეხება. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ მაჩვენებელი შენარჩუნდება. თუმცა მათი თქმით, ამ შედეგის შენარჩუნება რთული იქნება, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო.
"ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი, გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი ვლადიმერ პაპავა ამბობს, რომ პირდაპირი ინვესტიციის შემოდინება პროპორციულია სავალუტო ნაკადის შემოდინების, რაც შემდეგ დადებითად აისახება ლარის კურსზე.
"ეს იყო შედეგი იმისა თუ როგორი პოლიტიკა გაატარა მთავრობამ 2021 წლის გაზაფხულის შემდეგ. მხოლოდ პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება ეს არა მარტო ეკონომიკის გაჯანსაღებას ნიშნავს, ასევე სავალუტო ნაკადის შემოდინებას ნიშნავს, რომელიც დადებითად აისახა ლარის გაცვლით კურსზე და ჩვენს ეს ყველამ 2021 წლის ბოლოს ვნახეთ," - აცხადებს ვლადიმერ პაპავა.
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ დღეისათვის საბანკო საფინანსო სექტორს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პოზიტიური დინამიკა აქვს.
"ის სექტორი, რომელიც შეიძლება ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დადგეს საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, საბანკო-საფინანსო სექტორი დიდი ინვესტიციებით გამოირჩევა და საკმაოდ მდგრადია. გარდა ამისა, სხვა მომსახურების თუ წარმოების სექტორებიც გაზრდილია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად შედეგი საკმაოდ პოზიტიურია," - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.