პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის, "განახლებული რეგიონების" ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ სხდომა ამჯერად ქალაქ ზუგდიდში გამართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მალხაზ თორია, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 9 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე და შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.
კომისიის სხდომები უკვე გაიმართა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში.
პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა.