01 აგვისტო 2021,   15:00
ვრცლად
იუსტიციის მინისტრი ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე აკაკი საღინაშვილთან და სამინისტროს სისტემის თანამშრომლებთან ერთად, ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციის შესაძლებლობა სამინისტროს იმ სამსახურების თანამშრომლებს მიეცათ, რომელთა საქმიანობა სერვისების მიწოდებას უკავშირდება და რომელთაც სამუშაოს ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ასეულობით მოქალაქესთან აქვთ კონტაქტი. მათ რიცხვში არიან იუსტიციის სახლის, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც Sinopharm-ით აცრის სურვილი თვითონ გამოთქვეს.

ვაქცინა, ერთი მხრივ, იუსტიციის სახლისა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს დაიცავს COVID-19-ისაგან, მეორე მხრივ კი, ამ უწყებების სერვისებს მოქალაქეებისათვის კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის – იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისულ მომხმარებლებს მომსახურებას ვაქცინირებული თანამშრომლები გაუწევენ და ვირუსით დაინფიცირების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ვაქცინაცია ჩაუტარდათ სპეციალური პენიტენციური სამსახურის როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონში მომსახურე თანამშრომლებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სისტემა, წელიწადზე მეტია, ეფექტურად ებრძვის კორონავირუსის გავრცელებას მსჯავრდებულებში. სწორედ ამის შედეგია ის ფაქტი, რომ ბოლოს ჩატარებული ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში საქართველოს ციხეებში ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

დღის ამბები