08 მაისი 2021,   23:40
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთიდან 13 ნეშტი გადმოასვენეს - სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ოკუპირებული აფხაზეთიდან 13 ნეშტი გადმოასვენეს - 6 სამხედრო მოსამსახურე და 7 მშვიდობიანი მოქალაქე აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

უკვე თითქმის 1 საათია, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პროცესი ხვალაც გაგრძელდება 11-დან 14 საათამდე, რის შემდეგაც გადმოსვენებულ ნეშტებს მიწას მიაბარებენ. 9 მათგანს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოზე, ხოლო დანარჩენ 4-ს სამხედრო პატივით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ადგილზე რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პრეზიდენტიც.

"მსურს ღრმა და გულწრფელი თანაგრძნობა გამოვხატო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების მიმართ იმ ტრაგედიის გამო, რომელსაც ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, თან სდევდა ოჯახის წევრის ბედისა და ადგილსამყოფელთან დაკავშირებული გაურკვევლობა. დღეს ეს მრავალწლიანი გაურკვევლობა და მოლოდინი დასრულდება 13 ოჯახისთვის და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მცირედით მაინც ანუგეშებს მათ ტკივილს," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ მოვა დრო, როდესაც ჩვენ ერთიან სახელმწიფოს ავაშენებთ.

"სასტიკი ომი გადავიტანეთ ჩვენმა ქვეყანამ, სამოქალაქო ომი. ძმებმა ერთმანეთზე ხელი აწიეს, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ჩვენ ერთმანეთს მივუტევებთ კიდევაც და ერთიან სახელმწიფოსაც ავაშენებთ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

90-იანი წლების კონფლიქტის და 2008 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ 2300-ზე მეტი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. მათ მოძიებაში ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ასევე საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ასევე დე ფაქტო ხელისუფლება. როგორც ცნობილია, პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობს და ის მომავალშიც გაგრძელდება.

დღის ამბები