01 მარტი 2021,   17:07
ვრცლად
რა შეთანხმებას მოაწერა ხელი ივერი მელაშვილმა საკუთარი პოზიციის საწინააღმდეგოდ - დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ აუდიო-ვიდეო ჩანაწერები გამოაქვეყნა

პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის კაბინეტიდან მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა.

უწყება ივერი მელაშვილისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილ ხელმძღვანელთან გამართული დიალოგით ამტკიცებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის რამდენიმე სადავო მონაკვეთზე, მათ შორის, დავით-გარეჯის მიმდებარედ, ტერიტორიები ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ჩანაწერში ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტებზე მისი ხელმოწერა მაინც არის.

სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს ეჭვქვეშ აყენებენ მელაშვილის ადვოკატი და ოჯახის წევრები. 

ფარულ ჩანაწერებში ისმის საზღვრის დაცვის პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის სახელი და გვარიც. ბადრი ბიწაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. ის უარყოფს ყოველგვარ კავშირს საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებებთან.

ამასთან, სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვან საარქივო მასალას შეგნებულად მალავდა ამ საქმეზე კიდევ ერთი დაკავებული ნატალია ილიჩოვა. 

ილიჩოვასა და მელაშვილის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. მთავარი კითხვა პასუხგაუცემელია - უშუალოდ ვისი მითითებით მოქმედებდნენ დაკავებულები.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების წინასასამართლო სხდომა იანვრის ბოლოს არის დანიშნული.

დღის ამბები