27 იანვარი 2021,   04:57
ვრცლად
პარასკევის ლოცვა შედგება - ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები გარანტიებს ითხოვენ

პარასკევის ლოცვა შედგება, თუმცა ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები ითხოვენ გარანტიებს, რომ რელიგიური რიტუალი უსაფრთხო გარემოში ჩაივლის. ვითარება გურიაში გუშინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ქრისტიანმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ სამლოცველო სახლი მეჩეთად არ გადაკეთდეს. მხარეებს შორის ვითარება დაიძაბა და სოფელში საპოლიციო ძალები შეიყვანეს. რის შემდეგაც, მხარეებმა გუბერნიაში გადაინაცვლეს და პირველი შეხვედრაც გაიმართა.

დღეს პირველი შეფასება გაკეთდა შემოქმედის ეპარქიაში. მათი თქმით, სოფლის მოსახლეობამ ერთმანეთს ლოცვაში ხელი არ უნდა შეუშალონ, კონფლიქტი აუცილებლად უნდა დასრულდეს:

"შეთანხმდნენ ისინი, რომ ერთმანეთს არ შეუშლიან ხელს ლოცვაში და გააგრძელებენ ისეთივე თანაცხოვრებას, როგორც მანამდე არსებობდა. ჩვენი ეპარქიის წარმომადგენლების პოზიცია ეს არის და თვით მეუფის ლოცვა-კურთხევა ეს არის, რომ აუცილებლად უნდა დასრულდეს ეს უთანხმოება კონფლიქტი და გააგრძელონ თანაცხოვრება და მიეცეთ მათ საშუალება მუსლიმმა თემმა თავის სალოცავში ილოცოს და მართლმადიდებელმა მრევლმა ილოცოს თავის ტაძარში და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს კონფლიქტი ახლა უკვე დასასრულს მიუახლოვდა, გაიაზრებს ორივე მხარე უთანხმოების მიზეზებს და გააგრძელებენ თანაცხოვრებას რომელიც აქამდე არსებობდა," - აცხადებს შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი.

ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის განცხადებით, ისინი მხოლოდ მშვიდ გარემოში ლოცვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ არ სურთ ლოცვის შემდგომ სოფელში გადაადგილებისას კონფლიქტური სიტუაციაში ჩაითრიონ:

"უბრალოდ, ვილოცოთ მშვიდად და წყნარ გარემოში და სოფელში გადაადგილებისას არ იყოს წაძახილები, მუშტი-კრივი და ასე შემდეგ. მერიაშიც გადაწყდა გუბერნატორთანაც, რომ ეს ყველაფერი დარჩება სამლოცველოდ და არ შევაწუხებთ ჩვენ ქრისტიან ძმებს, რომ ჩვენ მინარეთი გვექნება და ასე შემდეგ,"- აცხადებს ადგილობრივი.

ბუკნარის ქრისტიანი მოსახლეობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ლოცვის უფლება ყველას აქვს და გაღიზიანება მხოლოდ სოფლის მოსახლეობასთან შეუთანხმებლად მინარეთის შესაძლო აშენებას მოჰყვა.

"10 თვეა თუ მეტი არის ეს სამლოცველო და არ გამოუხატავს ჩვენს მოსახლეობას არანაირი ცუდი რაღაც, ეს როცა შემოვარდა ეს თემა, რომ მინარეთი იქნება, შეუთანხმებლად როცა იყო ეს, ამას მოყვა ეს გაღიზიანება. რა თქმა უნდა, ლოცვის უფლება აქვთ, ვინ დაუშლით. ვიცით რომ ლოცულობენ მაგ სახლში და ერთი სიტყვაც არ თქმულა ჩვენი მხრიდან მაგაზე. არც მინდა სიტყვა რომ ვთქვა, რომ ჩვენ და ისინი," - აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა, თუმცა ამ მოსაზრებას მუსლიმი მოსახლეობის ის ნაწილი არ იზიარებს, რომლებიც დღეს მერიის შენობასთან იყვნენ შეკრებილი. ისინი შეთანხმების დოკუმენტურად გაფორმებას და პროცესში უფრო მაღალი თანამდებობის პირების ჩართვას ითხოვენ, როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლებიდან.

"შეთანხმება მოიცავს იმას, რომ ჩვეულებრივად როგორც თვეების წინ სალოცავ სახლში დადიოდა ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეები, ისე უნდა გააგრძელონ,"- აცხადებს ჩოხატაურის მერი. ირაკლი კუჭავა მიიჩნევს, რომ ის მოქალაქეების ის ნაწილი რომელიც შეთანხმების მიუხედავად პროტესტს აგრძელებს, სოფლის მაცხოვრებლები არ არიან.

დღის ამბები