18 იანვარი 2021,   07:46
ვრცლად
მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლების სანაცვლოდ დაცვის მხარე სასამართლოს თავდებობას შესთავაზებს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესი გრძელდება. მოსამართლემ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესაძლებლობაზე უნდა იმსჯელოს. შესაბამისი მოთხოვნა ადვოკატებმა დააყენეს.

ივერი მელშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახედ თავდებობას სთავაზობს. მისივე თქმით, ამის სურვილით ასეულობით ადამიანმა გამოთქვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, ეს პროცედურა გათვალისწინებულია საპროცესო კოდექსით და ის აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახეა. მისი თქმით, ყველაფერთან ერთად, ეს იქნება საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება დაკავებულების მიმართ.

ცნობილია, რომ დღევანდელი სასამართლო სხდომა დაკავებულების მხარდამჭერი აქციის ფონზე ჩაივლის. აქციის ორგანიზატორები რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთა და სამოქალაქო აქტივისტები არიან.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, არის დაკავებული.

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები