04 დეკემბერი 2020,   00:36
ვრცლად
უმაღლეს დონეზე ჰქონდა ეს თავდასხმა მომზადებული, პირის ჭრილიც კი ჰქონდა დაფარული - ირაკლი კვარაცხელია

ოპერატიულ-საგამოძიებო-სამძებრო ღონისძიებების მეოთხე დღე ქვეყანაში - სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ პირს, რომელმაც "საქართველოს ბანკში" მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯერჯერობით, ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს, რა ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.

ბოლო წერტილი, სადაც, სავარაუდოდ, თავდამსხმელი იმყოფებოდა, იყო სოფელი კირცხი. სწორედ ამ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვა მან მძევლები. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.

უცნობია, ასევე, მოახერხა თუ არა პირმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, რაც შემთხვევის დღიდანვე ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიად განიხილებოდა.

პარალელურად, მძევლების ნაწილს ეტაპობრივად ენიჭება დაზარალებულის სტატუსი. მათი გამოკითხვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დრომდე დალუქულია ბანკის შიდა სივრცე.

სპეცოპერაციის დროს მძევლად აყვანილ 43 პირს დაზარალებულის სტატუსი ეტაპობრივად მიენიჭება. პირველი, ვისაც ეს სტატუსი მიანიჭეს იყო ლაშა შენგელია, რომელიც თავდამსხმელმა ავტომობილში ჩაისვა.

ერთ-ერთი დაზარალებული, ირაკლი კვარაცხელია იხსენებს იმ დეტალებს, რომელიც ძარცვის დღეს ხდებოდა. მისი თქმით, მძარცველს ყველაფერი დეტალურად ჰქონდა გათვლილი.

"მე მითხრეს, რომ დაზარალებულის სტატუსი მექნებოდა, რადგან სამართლებრივად საქმე ასე მოითხოვდა. უკიდურესად მაღალ დონეზე ჰქონდა ეს თავდასხმა ამ ადამიანს მომზადებული. პირის ჭრილიც კი ჰქონდა დაფარული, რომ საუბრის დროს მისი ბიოლოგიური მასალა სადმე არ აღმოჩენილიყო. როდესაც ტელევიზორში მასზე თქვეს, ტერორისტიაო, აგრესია ჰქონდა, რადგან ესეც გათვლილი ჰქონდა და ამბობდა, რომ ტერორისტი არ არის და უბრალოდ მძარცველია,"- განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

სამხარეო პოლიციაში მოწმეების გამოკითხვა 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, "საქართველოს ბანკის" ოფისი ამ დრომდე დახურულია და ჯერჯერობით, უცნობია, როდის განახლდება მუშაობა.

დღის ამბები