24 ნოემბერი 2020,   22:51
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი კაპანაძე წარადგინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საჩხერეში წარადგინა. გაერთიანებულ ოლქში პარტიას გიორგი კაპანაძე წარმოადგენს. ღონისძიებას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ესწრებოდნენ.

მათ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნეს. მათი თქმით, 31 ოქტომბერს ქვეყანა ოლიგარქისგან გათავისუფლდება და აღმშენებლობა დაიწყება.

"8 წელი მოგვპარეს ჩვენ, ჩვენს შვილებსა და საქართველოს. საშინელი ტემპით მოგვიწევს მუშაობა, რომ ამის კომპენსირება მოვახდინოთ და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რადგანაც გვყავს ისეთი კანდიდატები, როგორიც გიორგი კაპანაძეა. ის არ შეურიგდება კორუფციას და სახელმწიფო ბიუჯეტის დატაცებას. მოვიგებთ ამ არჩევნებს და 4 წლის განმავლობაში მართლა ვერ იცნობთ საქართველოს," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

საზოგადოებას სიტყვით, თავად მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კაპანაძემ მიმართა. 

"იმისათვის, რომ სამოქალაქო გმირებმა, ჭიათურელმა მაღაროელებმა მიიღონ ღირსეული ანაზღაურება, ნორმალური სამუშაო პირობები, იმისათვის, რომ საჩხერელები დაუბრუნდნენ თავიანთ კერას და ხარაგაულელებმა დაიბრუნონ ხარაგაულელები - ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. რამდნეიმე მეტრში არის აკაკი წერეთლის ძეგლი, რომელიც წერდა თავისუფლებაზე და რომელმაც თქვა: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ბრძოლაში მკვდარი,"- განაცხადა საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" გიორგი კაპანაძემ. 

დღის ამბები