28 ოქტომბერი 2020,   10:34
ვრცლად
"იარაღი სახლიდან დალუქვის გარეშე წაიღეს, დარღვეული იყო პირობა" - შმაგი მუთოშვილის ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

პანკისში შმაგი მუთოშვილის ოჯახის წევრები ექსპერტიზას ითხოვენ იმის დასადგენად, ნამდვილად მოხდა, თუ არა გასროლა შმაგი მუთოშვილის ძმის, ვისური მუთოშვილის სახელზე გაფორმებული იარაღიდან.

ოჯახის წევრებს ეჭვი ეპარებათ, დანაშაულის ჩასადენად შმაგი მუთოშვილს სახლიდან მისი ძმის სახელზე გაფორმებული იარაღი წაეღო.

შმაგი მუთოშვილის ბიძაშვილი, ლუიზა მუთოშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა იარაღი სახლიდან პროცედურის დარღვევით წაიღეს და ის არ დაულუქავთ. 

​"ძალიან მარტივი ლოგიკაა, მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენა თუ არის განზრახვაში, თავისზე გაფორმებული იარაღით არავინ მივიდოდა იქ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია და განცდა არის იმის, რომ ეს სპეციალურად მოწყობილია. მაშინ, როდესაც ეს იარაღი სახლიდან წაიღეს, დარღვეული იყო პირობა, რომ იქვე არ მოხდა ამ იარაღის დალუქვა, შესაბამისად, წაღების შემდეგ როგორ გამოიყენეს ეს იარაღი, სრულიად გაუგებარია,"-განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ პანკისში, გვიან ღამით, 35 წლის შმაგი მუთოშვილი დააკავეს, რომელიც 2019 წელს სოფელ საკობიანოში სისხლიანი დაპირისპირების დროს მოკლული ვისური მუთოშვილის ძმაა.

სამართალდამცველებმა შმაგი მუთოშვილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით სოფელ ჯოლოყოში დააკავეს.

საქმე ეხება, 29 ივნისს სოფელ დუისში მცხოვრები ქავთარაშილების სახლის მისამართით განხორციელებულ სროლას და იარაღის უკანონოდ გამოყენებას.

დღის ამბები