28 სექტემბერი 2020,   07:18
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არის 3 ბრალდებული მედიკოსი, რეგულირების სააგენტომ გადაცდომა მხოლოდ 2 ექიმის შემთხვევაში დაადგინა

რა გადაცდომები ჰქონდათ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს, რომელთაც მძიმე დანაშაულს ედავებიან - მთავარი პროკურატურის შემდეგ, დარღვევებზე რეგულირების სააგენტოც საუბრობს. გატარებული სამუშაოების შედეგად, მაკონტროლებელმა ორგანომ  ის დარღვევები შეისწავალა, რომელიც საოპერაციო ბლოკში მყოფ სამედიცინო პერსონალთან მიმართებაში გამოიკვეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში 3 ბრალდებული მედიკოსია, რეგულირების სააგენტომ გადაცდომა მხოლოდ 2 ექიმის შემთხვევაში დაადგინა. ეს არის ვახტანგ ყიფიანის შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის ლიცენზიის არ ქონა და ასევე ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას შემთხვევაში, არა ქართული ლიცენზიის არაქონა, მას იტალიური ლიცენზია აქვს.

ამ 2 გადაცდომაზე საუბრობს რეგულირების სააგენტო და სააგენტოს დირექტორისთვის უცნობია, რატომ მიეცა ამ საქმეს თაღლითობის კვალიფიკაცია.

"ის რადიოსიხშირული აბლაცია, რომელიც მის მიერ იყო გაკეთებული, ჩვენი დასკვნით მის სამედიცინო კომპეტენციის ზღვარს სცილდებოდა და შესაბამისად, უკანონო საექიმო საქმიანობის ნაწილს განეკუთვნებოდა. მეორე ექიმი არის მაგდა ხოჭოლავა, ის არის ანესთეზიოლოგი, მას იტალიის სერტიფიკატი აქვს.

თაღლითობის ნაწილთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით, ეს არის გამოძიების ნაწილი. გამოძიებამ კვალიფიკაცია ამ კუთხით რატომ მისცა, მე ამას ვერ გეტყვით," – აცხადებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი ზაალ კაპანაძე.

სწორედ ამ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით აქვს პრეტენზიები სხვა მედპერსონალს, რომლებიც დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეიკრიბნენ. ექიმები ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ.

"შეკითხვაზე, ხედავს თუ არა რეგულირების სააგენტო, ის სააგენტო, რომელიც ამ სამედიცინო თვალსაზრისით იკვლევდა საკითხს თაღლითობაზე, ამ ქცევაში მივიღეთ ცალსახა პასუხი, არანაირი საფუძველი ამგვარი ინკრიმინირების არ არსებობს. ვახტანგი არ მონაწილეობდა ამ ქმედებაში, ვახტანგამდე ეს პაციენტი არ მისულა, ეს ძალიან ელემენტარულია. ეს მოხდა ყველაფერი ანესთეზიოლოგიის ფაზაში. ეს არის ტრაგედია, ის, რაც დაემართა ამ ახალგაზრდა გოგოს. რა თქმა უნდა, პაციენტის უფლებები დაცული უნდა იყოს," - განაცხადა ექიმმა ზურაბ ფაღავამ.

პაციენტის უფლებები დაცული უნდა იყოს, თუმცა არა ექიმების უფლებების შელახვის ხარჯზე. ამ სულისკვეთების განცხადებები დღეს მთელი დღის განმავლობაში ისმოდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებთან შეკრებილი ექიმებისგან, რომლებიც ბრალდებულ მედიკოსებს მხარდაჭერას უცხადებენ.

"ეს ექიმების ხვედრია. ხვედრია ის, რომ ექიმმა შეიძლება გააკეთოს 1000 ოპერაცია, და 1,001-ე მას პროცენტულად გაურთულდეს. ექიმებს ასე არ უნდა ექცეოდნენ. ექიმები არ არიან თაღლითები და კაცის მკვლელები. ამავე დროს მე მწუხარება მინდა გამოვთქვა და შევიდე იმ ახალგაზრდა გოგონას ოჯახის მდგომარეობაში და მინდა, რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდეს," - განაცხადა ოზურგეთის კლინიკა "მედალფას" დირექტორმა დავით მდინარაძემ.

საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დღის ამბები