25 სექტემბერი 2020,   17:38
ვრცლად
მკვლელობა და დარბეული სახლები - ამ დროისთვის ახალქალაქში ვითარებას პოლიცია სრულად აკონტროლებს

ახალქალაქში დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. მოკლულია ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო. მოკლულის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაარბიეს და სასტუმრო დაწვეს.

დამტვრეული მინები, დარბეული ინვენტარი და დამწვარი სასტუმრო - ეს ჯგუფური დაპირისპირების შედეგია. ერთ-ერთი დაზარალებული დღეს "კურიერთან" იხსენებს, რომ სავარაუდო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთით ადრე მიიღო და ოჯახის სახლიდან გაყვანა მოასწრო. ხაჩიკ ზარმარიანი 27 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არტურ გაბრიელიანის ახლო მეგობარია. ამბობს, რომ მოკლულისა და სავარაუდო მკვლელის ოჯახებს შორის დაპირისპირება უკვე წლებია არსებობს, თუმცა მოტივზე საუბარი არ სურს.

ახალქალაქში მომხდარი ჯგუფური დაპირისპირების დროულ გამოძიებას ითხოვს კიდევ ერთი დარბეული სახლის მეპატრონე. ნარინე ზარმარიანის მტკიცებით, მისი შვილი ოჯახებს შორის დაპირისპირებას შემთხვევით შეესწრო და ერთ-ერთ დაშავებულს დაეხმარა, რაც სავარაუდოდ მის სახლზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზი გახდა.

ობიექტური გამოძიების იმედი აქვთ გულიკამის მაცხოვრებლებსაც. მოკლული ვართან მირანიანის მეზობლები "კურიერთან" ყვებიან, რომ მრავალწლიანი კონფლიქტი შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. დაპირისპირების მოტივზე გულიკამელები არ საუბრობენ.

ჯგუფური კონფლიქტის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ ფაქტის თვითმხილველებს. ახალქალაქელები ყვებიან, რომ დარბეული სახლის მეპატრონეს მცირეწლოვანი შვილებიც ყავს, რომლებიც ადგილზე არ იმყოფებოდნენ. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ფაქტს გაცილებით მძიმე შედეგები მოჰყოლოდა.

ამ დროისთვის ახალქალაქში ვითარებას პოლიცია სრულად აკონტროლებს. მთელი დღეა ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ვლადიმერ ბორცვაძემ სამხარეო პოლიციის თანამშრომლებთან საგანგებო შეხვედრაც გამართა. მაღალჩინოსნის განმარტებით, მკვლელობის ფაქტზე უკვე დაკავებულია ერთი მამაკაცი და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ახალქალაქში მასშტაბური დაპირისპირება გუშინ მოხდა. ინციდენტს ყავს მსხვერპლი და დარბევების შედეგად დაზიანებულია სახლები. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 136-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები