29 სექტემბერი 2020,   12:28
ვრცლად
გადაკვალიფიცირდება თუ არა განზრახ მკვლელობის მცდელობა - ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დედის ბოდიშის შემდეგ თოფაძეების პოზიცია შერბილდა

ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დედის ბოდიშის შემდეგ თოფაძეების პოზიცია შერბილდა. დაზარალებულის ბაბუამ ყოფილი პრემიერის ოჯახის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და მოგვიანებით ნინო ქადაგიძეს ტელეფონით ესაუბრა. ბრალდებულისა და დაზარალებულის ოჯახის წევრებს შორის უნდა შედგეს შეხვედრაც. ნინო ქადაგიძის თქმით, ეს არ იქნება სამართლებრივი მორიგება - შეხვედრა ადამიანურ შერიგებას ემსახურება.

განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებული ჟვანიას დედა ამბობს, რომ მისი შვილი სასჯელს იმსახურებს. მაგრამ არა იმ სიმძიმის, რომელიც ემუქრება.

ბუსა ჟვანიას დედა მისი შვილის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გასაჩიოვრებას არ განიხილავს, თუმცა ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ ამისთვის დრო ჯერ კიდევ არის. მხარეს მოსამართლის გადაწყვეტილება დღეს ჩაბარდა. უფლებადამცველის ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც ამ დრომდე განაგრძობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მკურნალობას, ჯერ კიდევ არ დაუკითხავთ.

დღეს დაზარალებული ლევან თოფაძის მამა ამბობს, რომ ბიზნესმენი გოგი თოფაძე, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე ორჯერ გამოკითხეს, ინციდენტის უშუალო თვითმხილველი არ არის და მისთვის უცნობია აღელვების ნიადაგზე რა ჩვენება მისცა გამოძიებას.

დაზარალებული ლევან თოფაძე , რომელსაც ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული გულმკერდისა და ბეჭის არეში, თავს უკეთ გრძნობს. დღეს ის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. დაზარალებული ახლა იმ პალატაში წევს საიდანაც გუშინ ბრალდებული ბუსა ჟვანია გაწერეს

2 აგვისტოს თოფაძეების სახლში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება, თავდაპირველად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. მოგვიანებით საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.

შეიცვლის თუ არა საქმე კიდევ ერთხელ კვალიფიკაციას და შეუმსუბუქდება თუ არა ბრალი ბუსა ჟვანიას, ჯერ უცნობია.

დღის ამბები