08 აგვისტო 2020,   10:59
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის ფონზე მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევების და ნდობის მონიტორინგი ჩატარდა

საქართველოში, კორონავირუსის ფონზე მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევების და ნდობის მონიტორინგის შედეგები COVID 19 - ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ მხარეებს ონლაინ ფორმატში წარედგინათ.

კვლევა ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს და  საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, ევროკავშირის და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევის სამი ტალღა, რომელიც 21 აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, თითო კვირიანი ინტერვალებით ტარდებოდა, საქართველოს ყველა რეგიონს (გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა) მოიცავდა. შედეგად გამოვლინდა:  
    • გამოკითხულთა უმრავლესობა (76-84%) მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ COVID-19 გავრცელების პრევენციისათვის ადეკვატური ნაბიჯები გადადგა და დროულად იმოქმედა. ამ პროცესში ჩართული სამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობაც მაღალია. 
    • მოსახლეობის 90%-ზე მეტმა კარგად იცის COVID-19 სიმპტომებისა და მისი გადაცემის გზების შესახებ, ხოლო დამცავ ზომებს 90%-ზე მეტი მიმართავს. 
    • ნაკლებად გავრცელებული სიმპტომების შესახებ ცოდნა უფრო დაბალია და შესაბამისად, გამოკითხულ მოსახლეობას მეტი ინფორმაციის მიღება სურს. 
    • კვლევამ ზომიერად ოპტიმისტური დამოკიდებულება გამოავლინა, იმაზე თუ როგორ უმკლავდება მოსახლეობა კორონავირუსს - დაახლოებით 55% თვლის, რომ ინფიცირების შანსი დაბალია.

საზოგადოების დამოკიდებულების კვლევას უკვე გაეცნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და დონორები და შედეგები გამოიყენება COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო ინტერვენციების დასაგეგმად და რისკების კომუნიკაციისა და თემის ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად. 

დღის ამბები