09 ივლისი 2020,   18:53
ვრცლად
ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვიციანი იმ საცხოვრებელ სახლში მივიდა, რომელიც მას წლების წინ ეკუთვნოდა.

ადგილზე ვითარება დაიძაბა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა, როგორც ცნობილია, კვიციანმა ტერიტორია პოლიციის მისვლამდე დატოვა. მოგვიანებით ინციდენტს დეპუტატი "ფეისბუქზე“ გამოეხმაურა.

“გადავიღე წინასწარ ჩემი სახლის ყველა კუთხე, რომელიც ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა, ვიდრე კოდორს გაყიდდნენ, გადასცეს ზონდერ მეტრეველს! დღეს მივედი სულების მოხსენიების დღეს იქ, საიდანაც დედა გავასვენე და დამხვდა სუს-ის მიერ გათამამებული ჯგუფი!” - წერს ემზარ კვიციანი.

განსხვავებულია შინაგან საქმეთა სამიმინისტროს ვერსია, რომლის მიხედვითაც, კვიციანი დოლაბაურის ქუჩაზე მცხოვრებ ომის ვეტერანის სახლში ნებართვის გარეშე შეიჭრა და ოჯახთან კონფლიქტი მოუვიდა. ინციდენტის დროს კვიციანი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამტკიცებდა, რომ მეტრეველების ბინა მის საკუთრებას წარმოადგენდა.

"ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ვერ გავაგებინა უბრალოდ, თუ რას აშავებდა და რომ კანონი ყველასთვისაა. ჩვენ არავისთვის არაფერი არ წაგვირთმევია. იმ დროისთვის, როცა ჩვენ საცხოვრებელი ბინა არ გვქონდა, იყო ეს ბინა თავისუფალი, სახელმწიფოს საკუთრება, რომელიც ჩემს მეუღლეს თავისი დამსახურებების მიხედვით ჩათვალა სახელმწიფომ საჭიროდ და გადასცა საცხოვრებლად," - განაცხადა ნინო მეტრეველმა.

დღის ამბები