საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბათუმში თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა.
მისი განცხადებით, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
"დღეს ბათუმში ვუმასპინძლე ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის - თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა სწორედ საქართველოში, ბათუმში გაიმართა.
დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და იგი რეგიონების დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების მკაფიო გზავნილია.
დღეს, როდესაც საერთაშორისო გარემო სწრაფად იცვლება, საქართველოსა და ცენტრალური აზიის როლი სულ უფრო იზრდება. ჩვენი რეგიონები ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ვითარებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ერთობლივი ძალისხმევით, შეგვიძლია გავაძლიეროთ რეგიონული კავშირები და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის.
ცენტრალურ აზიასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, საერთო ეკონომიკური ინტერესები და ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების საერთო მიზანი.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება. ეს მარშრუტი ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიისა და, შავი ზღვის გავლით, ევროპასთან აკავშირებს. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ კავშირის განვითარებასა და სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაში. შუა დერეფნის სრული პოტენციალის გამოყენება ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესია. ამისთვის აუცილებელია მჭიდრო კოორდინაცია, განვითარებული ინფრასტრუქტურა და ძლიერი პოლიტიკური ნება.
ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ეკონომიკითა და ტრანსპორტით არ შემოიფარგლება. არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნდობის გაძლიერება, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა და ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გაღრმავება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული ძალისხმევა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გასაძლიერებლად.
ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მიმდინარე წლის ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ. ეს მნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯია, რომელმაც ჩვენს ურთიერთობებს ახალი მასშტაბი შესძინა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ახალი, მტკიცე საფუძველი შექმნა.
ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ უზბეკეთთანაც, პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის.
თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტმა, რომელიც ივლისში გაიმართა.
ვიზიტმა ახალი შესაძლებლობები შექმნა პოლიტიკური დიალოგის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან ურთიერთობებშიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა ვიზიტებმა ამ ქვეყნებში ახალი იმპულსი შესძინა ორმხრივ პოლიტიკურ დიალოგს და გააფართოვა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.
საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის, რაც თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას გვაძლევს.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, გაძლიერებული პოლიტიკური დიალოგი კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებად და ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის ხელშესახებ სარგებლად ვაქციოთ.
სწორედ ამ საერთო ინტერესებს ეფუძნება დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონების დაახლოებაში და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის.
კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს საქართველოში ჩამობრძანებისთვის, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობისთვის და ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისადმი გამოხატული მზადყოფნისთვის.
გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო დაკავშირებული, სტაბილური და ეკონომიკურად ძლიერი რეგიონების განვითარებას," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.