მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ეტაპზე, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებიც ტურისტულ სექტორში საქმიანობენ, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებს, რომელთაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საქმიანობა შეჩერებული აქვთ, შესაძლებლობა მიეცათ 4 თვის ვადით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.
დაწესებული შეღავათით სარგებლობისთვის, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს სპეციალური განაცხადის ფორმით უნდა მიმართოს, რათა მათ მიმართ არ განხორციელდეს შესაბამისი დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 145 761 807 ლარს. აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპზე, ტურიზმის მხარდაჭერისთვის უკვე გათვალისწინებულია შემდეგი სახის საგადასახადო შეღავათები: 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება განთავსებისა და კვების ობიექტები, ასევე, ტურისტული კომპანიები. ამასთან, მათთვის დაწესებული საშეღავათო პერიოდი გახანგრძლივდება საშემოსავლო გადასახადის ნაწილშიც და ნაცვლად პირველი ნოემბრისა, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება მათ მიმდინარე წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.
"5 715 გადამხდელს გადაუვადდა საშემოსავლო და ქონების გადასახადი. გადავადებული გადასახადების ჯამური ოდენობა წარმოადგენს 145 მილიონ ლარს. შეღავათის მისაღებად აუცილებელია გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს მიმართოს სპეციალური განცხადების ფორმით," - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.