11 ნოემბერი 2026,   06:42
ვრცლად
სესხებზე საშეღავათო პერიოდი იმ პირებს უნდა გაუხანგრძლივდეთ, ვინც კრიზისის დროს სამსახური დაკარგა - ექსპერტების რეკომენდაცია

გადავადდება თუ არა საშეღავათო პერიოდი სესხებთან დაკავშირებით - ექსპერტების ნაწილი ხელისუფლებას შეღავათის გახანგრძლივებისკენ მოუწოდებს.

მათი რეკომენდაციაა, შეღავათი გაუუქმდეთ პირებს, რომელთაც ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასები შენარჩუნებული ჰქონდათ, ხოლო მათ, ვინც სამსახურები დაკარგეს, ამ შეღავათით სარგებლობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლავ უნდა შეეძლოთ.

ფინანსისტი,"თავისუფალი უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორი გიგა ბედინეიშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა ბანკებზე არ უნდა გადაიაროს და სესხებთან დაკავშირებით გადავადება ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

"ბანკებზე არ უნდა გადაიაროს ჩემი აზრით ამ ეკონომიკურმა კრიზისმა. ბანკები რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩდნენ იმის გამო, რომ სესხების ამოღება საერთოდ შეაჩერონ, მერე ეს სერიოზული ლიკვიდირების პრობლემას შექმნის ზოგადად ეკონომიკაში. ასე რომ თუ ნებაყოფლობითი ფორმა ექნება გადავადებას, კი ბატონო. მაგრამ მთავრობისგან ზეწოლას ბანკებზე და ასე შემდეგ, არ ვემხრობი," - განაცხადა ფინანსისტმა, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა გიგა ბედინეიშვილმა.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" დირექტორი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ სესხები მათ უნდა გადაუვადდეთ, ვინც სამსახური დაკარგა და საქმიანობა შეუჩერდა.

"სამსახურდაკარგულებისთვის, ან იმათთვის, ვისაც ბიზნესი გაუჩერდა და მსგავსი კატეგორიის საზოგადოებისთვის მიზნობრივად ვალდებულებების გადავადება, თუნდაც მომდევნო სამი თვით აუცილებელია. ამის გარეშე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ადამიანები უბრალოდ გაკოტრდებიან.

არც საბანკო სექტორის დაზარალებაა მიზანშეწონილი. ამიტომ ბანკების ინტერესებიც გავითვალისწინოთ და შესაბამისად მივიღოთ მიზნობრივი დახმარების პაკეტები, რომელიც რეალურად ადამიანებსაც გადაურჩენს ცხოვრებას და არც საბანკო სექტორს დააზარალებს," - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

 

ავტორი: ნათია გოგიშვილი

 

დღის ამბები