30 ოქტომბერი 2020,   00:26
ვრცლად
არის თუ არა COVID-19 ორსულებისთვის სარისკო და რა არის მისი მთავარი სიმპტომი - ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის შესახებ

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "რუსთავი2"-ის ეთერში COVID-19-ის შესახებ ისაუბრა და დაავადების სიმპტომები და რისკ-ჯგუფები მიმოიხილა.

"ვირუსი ბავშვთა  ასაკში შედარებით ნაკლებ ვრცელდება, თუმცა არ გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ არ ვრცელდება. ვრცელდება, მაგრამ საბედნიეროდ სიკვდილობის შემთხვევა, ანუ დაავადების რთული გამოსავლით დასრულება, ბავშვთა ასაკში პრაქტიკულად არ არის და მხოლოდ ერთეული შემთხვევებია.  ვირუსული პნევმონიის განვითარება დაავადების სიმძიმის  მთავარი და ძირითადი ნიშანია, ბავშვებში მძიმე პმევმონიის ნიშანი არის 6%, მაშინ როდესაც მოზრდილებში ეს არის 18%.

რა არის წამყვანი სიმპტომი და რა სიმპტომით უნდა ამოვიცნოთ, დიდია თუ ბავშვი, ამას პრინციპული  მნიშვნელობა არ აქვს, ყველაზე კარდინალური და მნიშვნელოვანი სიმპტომი ეს არის ცხელება, ეს არის 90% შემთხვევაში, ანუ 100-დან 90 ადამიანს აქვს ტემპერატურული რეაქცია,  შემდეგ უკვე მოდის მეორე და კარდინალური ნიშანი, ეს არის მშრალი ხველა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ არის ძლიერი ზოგადი სისუსტე და შემდეგ კუნთების ტკივილი. დანარჩენი ყველა სიმპტომი ყნოსვის თუ გემოს შეცვლა, სურდო, ყელის ფხაჭვნის შეგრძნება და მსგავსი სიმპტომები, იგივე ნახველიანი ხველა, მხოლოდ დამახასიათებელია შედარებით მსუბუქ პროცენტულ შემთხვევებში და მსუბუქი დაავადების დროს," - განაცხადა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვმა კორონავირუსის პლაზმით მკურნალობის მეთოდზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მეთოდი საუკუნოვანია:

"ეს მეთოდი, რომელიც ნიშნავს გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმას დაავადებული ადამიანებისთვის, არის საუკუნოვანი მეთოდი, ასე მოიხსენიებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს, პირველად გამოყენებული იყო ესპანური გრიპის ეპიდემიის დროს. მოგეხსენებათ, ეს გრიპი H1N1-ის ვირუსით იყო გამოწვეული და 1918 წელს მძვინვარებდა და იგივე შტამის ვირუსი შემდეგ, 38 წელი მსოფლიოში ცირკულირებდა. ეს არის მეთოდი, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანი, რადგან მან გადაიტანა და გადაურჩა ამ ინფექციას, მის ორგანიზმში რჩება მახსოვრობის ანტისხეულები, რომელიც შესაძლებელია, დღეს განიხილავენ, რომ გადაესხას არა მარტო მძიმე დაავადების მქონე ადამიანებს,  არამედ იგივე ჩინეთმა იტალიაში გააგზავნა 90 ტონა გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლი, რომ იტალიას ამით დაეხმაროს. ამავე დროს, მას იყენებენ პროფილაქტიკის მიზნითაც და განიხილება, როგორც იმუნური შრატის თვალსაზრისით,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 მისი თქმით, ამ მეთოდმა შესაძლოა უფრო პრევენციის მიზნით იმოქმედოს, ვიდრე გამოჯანმრთელების. კულუმბეგოვის თქმით, მსოფლიოში  წამლების აღიარებასთან და მკურნალობის მეთოდებთან მიმართებაში, ყველაზე მაღალი პილოტაჟის რწმუნებითმა ორგანიზაციამ- ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ (FDA) ამ მეთოდის გამოყენებას გუშინ ნება დართო.

კულუმბეგოვი სწრაფი ტესტირების საკითხსაც გამოეხმაურა, მისი თქმით, აქამდე მთავარ პრიორიოტეტად გამოცხადებული იყო რისკის ქვეყნებში მოგზაური პირები და დაავადებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი პირები, თუმცა მას შემდეგ, რაც უკვე არის შიდა გადაცემის საფრთხე კორონავირუსზე, უნდა შემოწმდეს მინიმუმ ყველა ადამიანი, რომელსაც პნევმონია აქვს:

"დაავადების მიმდინარეობა გვანახებს, რომ მხოლოდ ამ ორი კრიტერიუმის მიხედვით შემოწმება არაა სწორი. ევროპის ყველა ქვეყანა უკლებლივ და აშშ ამბობს, რომ პირველი პრიორიტეტი მინიმუმ უნდა იყოს ყველა პნევმონიით დაავადებული, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას მოგზაურობის ან დაავადებულთან შეხების ისტორია," - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ექიმის თქმით, ეს ინფექცია, ორსულებისთვის რისკს, დღეის მონაცემებით, არ წარმოადგენს:

"ტრანსპლაცენტარულ ბარიერს დღეს არსებული მონაცემებით ეს ვირუსი ვერ გადის, ანუ მინიმალურია, ან არ არსებობს რისკი, რომ დედამ საკუთარი ნაყოფი დააინფიციროს, თუმცა მშობიარობის შემდგომ, გადაცემის შემთხვევა იყო ბრიტანეთში," - განაცხადა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები