06 დეკემბერი 2020,   01:30
ვრცლად
ნიდერლანდელ ტურისტს მყვინთავები წყლის ზედაპირზე ეძებენ - რა ვერსიებია 23 წლის მამაკაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით

სწრაფი რეაგირების ჯგუფები, მაშველები და მყვინთავები ქუთაისში წყლის ზედაპირსა და მდინარეში, სპეციალური ტექნიკით 23 წლის ახალგაზრდას ეძებენ.

მდინარე რიონის ნაპირთან, იმ ხიდთან, სადაც ნიდერლანდელი ტურისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს დააფიქსირა, სამძებრო ოპერაცია დილიდან მიმდინარეობს. 

შექმნილია საგანგებო შტაბი. ქუთაისში რჩებიან დაკარგულის ოჯახის წევრებიც, ორივე ტურისტის მშობლები და მეგობრები, რომლებმაც დღეს ტელეკამერებთან გამოჩენა არ ისურვეს.

"ფეისბუქზე" შეიქმნა სპეციალური ჯგუფიც, რომელშიც დაკარგულის ახლობლები მოხალისეებს იწვევენ. ავრცელებენ ფოტოებს და დეტალურ ინფორმაციას ტურისტის შესახებ.

იმ დაწესებულების მენეჯერი, რომელმაც პოლიციას დაკარგულის შესახებ შეატყობინა და სადაც ნიდერლანდებიდან ჩამოსული ტურისტი მეგობართან ერთად ცხოვრობდა, იხსენებს, რომ ტელეფონზე ზარი თავდაპირველად გადიოდა, მაგრამ დაკარგული ზარებს არ პასუხობდა. მისივე ინფორმაციით, ოჯახს აქვს ვერსია, რომ შესაძლოა, ახალგაზრდა მამაკაცმა ქალაქის დატოვება მოისურვა და ქუთაისიდან წავიდა.

არსებობდა კიდევ ერთი ვერსია ამავე სასტუმროში მცხოვრები ირანის მოქალაქე ქალის დაკარგვის შესახებაც. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამავე სასტუმროში გაჩერებულ ქალსა და დაკარგულ მამაკაცს შორის მცირე კონფლიქტიც მოხდა, თუმცა დღეს სასტუმროში ორივე ვერსია უარყვეს. ადმინისტრატორი ამბობს, რომ ირანელი ქალი გამოჩნდა, საკუთარი ნივთები ჩაალაგა და დაწესებულება მალევე დატოვა. მისი თქმით, ქალს ნიდერლანდელ ტურისტებთან შეხება არ ჰქონია.

ბოლოს ახალგაზრდა მამაკაცი მეგობართან ერთად 7 მარტს ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. ობიექტში ყვებიან, რომ ტურისტები მათთან დახლოებით 5 საათზე მივიდნენ და დაწესებულება რამდენიმე საათში, ნასვამ მდგომარეობაში დატოვეს. მათი გზები გაიყო, ერთი სასტუმროში დაბრუნდა, მეორის კვალი კი სწორედ აქედან იკარგება.

რესტორნის შემდეგ სათვალთვალო კამერამ მამაკაცი ხიდზე დააფიქსირა. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა არაერთი ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. ობიექტებში აცხადებენ, რომ პოლიციამ კადრები უკვე ამოიღო და ახლა, სავარაუდოდ, ამ მასალას შიფრავენ. სამძებრო ოპერაცია კი, რომელიც 8 მარტს დაიწყო, ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.

დღის ამბები