26 ნოემბერი 2020,   20:06
ვრცლად
აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა

ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საქართველოს ტექნიკურ უნვერსიტეტში ცნობილი ისტორიკოსის, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს  ნანა ხაზარაძის  დაბადებიდან 89 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

დიდი მეცნიერის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ესწრებოდნენ  ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ღონისძიება ტექნიკური უნივერსიტეტის სანჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა. 

საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ოთარ კვესიტაძემ ვრცლად ისაუბრა აკადემიკოს ნანა ხაზარაძის სამეცნიერო ღვაწლსა და პიროვნულ თვისებებზე. 

"ის იყო არა მხოლოდ უდიდესი მეცნიერი, არამედ დიდი ადამიანი, არაჩვეულებრივი დედა, მეუღლე, მეგობარი. დღემდე მეამაყება მასთან მეგობრობა და სიხარულით მავსებს ის ფაქტი, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მისი სახელი და ხსოვნა ცოცხალია, ასე დაფასებულია მისი ღვაწლი. რაოდენ დასანანია, რომ ასეთი მძლავრი კავშირი საქართველოს ეროვნულ აკადემიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, როგორიც ქალბატონი ნანა იყო, დღეს აღარ გვყავს. ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის, დაახლოებით, ერთი მესამედი ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საინჟინრო სკოლის - ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურაა. სწორედ ამიტომ, აკადემიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის კავშირების მეტად გაძლიერებაა საჭირო. დიდი სურვილი მაქვს შემოგთავაზოთ, და იმედი მაქვს ბატონი რექტორი მიიღებს ჩემს წინადადებას, დავაფუძნოთ ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია ინოვაციურ ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მიმართულებით, რათა დავანახოთ საზოგადოებას და მთავრობას ჩვენი შესაძლებლობები, ის, თუ რამდენი რამ შეგვიძლია შევძინოთ ქვეყანას მეცნიერებით. ვფიქრობ, რომ დღევანდელი საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, - განაცხადა ოთარ კვესიტაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულმა რექტორმა მადლობა გადაუხადა შეკრებილ მეცნიერებს, აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ოჯახის წევრებს, ხოლო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის წინადადებას, ახალი საერთაშორისო კონფერენციის დაფუძნების თაობაზე, აქტუალური უწოდა. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ამ იდეის გაჟღერება აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე შემთხვევით არ მომხდარა.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით მომავალი საერთაშორისო კონფერენცია დიდი მეცნიერის, ნანა ხაზარაძის სახელს დაუკავშირდება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიკოს ნანა ხაზარაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. 

აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე ფლობდა გიორგი მელიქიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემიებს. 2012 წელს ის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსი) იქნა არჩეული. ეკუთვნის 200-ზემეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 მონოგრაფია, მათგან 4 თანაავტორობით, 3 სახელმძღვანელო. მისი სტატიები დაბეჭდილია ქართულ, რუსულ და უცხოურ კრებულებში. მონაწილეობდა 128 სამეცნიერო კონფერენციასა თუ ფორუმში. 

აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე 2019 წლის 3 თებერვალს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები