27 იანვარი 2021,   08:44
ვრცლად
"წავიყვანეთ ასათიანზე და გვითხრეს გაუქმდაო, ქუჩაში ხომ არ გავუშვებდით" - მარტყოფის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირი

ღვთაების მამათა მონასტერში დღეს დილიდან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კელიიდან სავარაუდო ბრალდებულის პირადი ნივთები წაიღეს.

მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის ერთ-ერთი სასულიერო პირის ინფორმაციით, ეჭვმიტანილ კახა შელიას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა არც ერთმა ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ მისი მიღება არ ისურვა. 

"არ ჰქონდა არც აგრესია, არც არაფერი. სულ წყნარად, თავისთვის დადიოდა ტყეში, ყურსასმენები ჰქონდა ხოლმე, თავისუფლად იყო, არც მორჩილება ჰქონდა დავალებული, არც არაფერი. აქ რომ მოვიდა, რომ გავიგეთ, რომ საბუთიანი იყო, 18 წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ნაწოლი, წავიყვანეთ, ჩავაბარეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ასათიანზე და იქ გვითხრეს, რომ ჩვენი არ არის ეს, გაუქმდა ფსიქიატრიულები, ორი დარჩა, თუ რაღაც და გამოუშვეს ქუჩაში. ვიფიქრეთ, ქუჩაში როგორ გავუშვათ 18 წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში​ ნამყოფი და წამოვიყვანეთ ჩვენთან. 3 წელი იყო და არც აგრესია, არც რამე არ შეგვიმჩნევია, თავისთვის, წყნარად დადიოდა,"- განაცხადა სასულიერო პირმა.

მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ბენიამინი აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი კახა შელია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰყავდათ, თუმცა მათ თქვეს, რომ ის ადეკვატური იყო.

"გვყავდა ჩვენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და აღარ მიიღეს და თქვეს, რომ ადეკვატური არისო. ვინც ჩაიდინა ეს მკვლელობა, 1.5 წლის განმავლობაში თვეში მოდიოდა 5-ჯერ, 10-15-20 დღით და ისევ მიდიოდა. როცა იყო მონასტერში, ყურძენზე ჰქონდა მორჩილება, აკეთებდა. რაც შეეხება იმას, რაც მოხდა, ღამის ალბათ 4-ის 15 წუთი იყო. ერთად რომ იყვნენ, ერთ-ერთი შემოვიდა და თქვა, რომ აი, მიცვალებული არისო. რომ მივედი, კისერში ჰქონდა დანა ჩარტყმული. გარდაცვლილი ფიზიკურად ავად იყო, სულიერად არ იყო ავად. სუნთქვა უჭირდა, ხშირად მიდიოდა ექიმთან და იხრჩობოდა, ასთმა იყო თუ რაღაც, ფილტვების ავადმყოფობა ჰქონდა,"- განაცხადა მამა ბენიამინმა

შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი კახაბერ შელია დაკავებულია. მკვლელობა 5 თებერვალს მოხდა,  დილის 4 საათზე კელიაში მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. მას ჭრილობა ყელის არეში, ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

დღის ამბები