26 ოქტომბერი 2021,   15:27
ვრცლად
"კურიერმა" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სუსის ყოფილი მაღალჩინოსნების ჩვენებები მოიპოვა

"კურიერმა" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ჩვენებები მოიპოვა.

სუსის ყოფილი უფროსი, ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე აგვისტოში დაკითხა.

"კურიერის" მიერ მოპოვებულ ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ ვახტანგ გომელაურმა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავება სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაავალა. როგორც სუსის ხელმძღვანელი ჩვენებაში წერს, ოპერაცია მაქსიმალური სიზუსტითა და მსხვერპლის გარეშე უნდა ჩაეტარებინათ.

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ჩვენებაში სპეცოპერაციის დღეს პანკისში ყოფნას კატეგორიულად უარყოფს. 

"კურიერის" ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო სპეცოპერაციის გამთენიისას ჩატარება, გომელაური პასუხობს, რომ პანკისის რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობდა საფრთხე, რომ მოსახლეობას წინააღმდეგობა გაეწია და სპეცოპერაციისთვის ხელი შეეშალა.

იმას, რომ პანკისში წინააღმდეგობის გაწევის საფრთხე არსებობდა, არ ეთანხმება მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი. მარიამ კუბლაშვილმა ყურადღება დაგვიანებულ საგამოძიებო მოქმედებებზე გაამახვილა. კუბლაშვილის თქმით, მაღალჩინოსნები აქამდეც უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა ჩვენებების მიხედვით უფლებადამცველი ეჭვობს, რომ მაღალჩინოსნები პასუხისმგებლობას სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს აკისრებენ.

ის, რომ პანკისში სპეცოპერაცია დანაყოფმა "შავნაბადამ" ჩაატარა და გომელაურის დავალება მსხვერპლის გარეშე ოპერაციის ჩატარება იყო, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის რეალობას არ ცვლის. გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე უკვე 2 წელია აქტიურად საუბრობს.

პასუხისმგებლობის მოხსნა და უსიამოვნო კითხვებისთვის თავის არიდება - ასე აფასებენ მაღალჩინოსნების ჩვენებების შინაარსს მესამე სექტორში. სულხან სალაძის თქმით, მოლოდინი, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს, ნაკლებია, რადგან სპეცოპერაციის მთავარი პირები მომხდარიდან 2 წლის შემდეგ დაიკითხნენ.

პროკურატურა დამატებით განმარტებებს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით არ აკეთებს და შემაჯამებელი დასკვნის გამოქვეყნებას, სავარაუდოდ,  მალე გეგმავს.

დღის ამბები