24 ნოემბერი 2026,   13:30
ვრცლად
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. 

სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და ასევე, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი.

"შესაძლებელია ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეების და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აჭარა-გურიის მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს. მთიან რაიონებში ძლიერი თოვის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ასევე ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე - საშუალო)", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 

დღის ამბები