საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. დღეს სასამართლო კოლეგია, ახსნა-განმარტებით, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრებს უსმენს. გუშინდელ პროცესზე კი სიტყვის უფლებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ისარგებლეს და ვრცლად ისაუბრეს სააკაშვილის ხელისუფლების გახმაურებულ საქმეებზე.
მძიმე დანაშაულების გამართლების მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ოპოზიცია ვერ ხვდება იმას, რომ ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებენ კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას, როდესაც გამოდიან და სიამაყით საუბრობენ 2003-2012 წლებზე.
"ის, რაც საზოგადოებამ იხილა მათი მხრიდან გუშინწინ, გუშინ, რაც წარმოადგენდა თავის მხრივ, როგორც დემაგოგიის, ისე იურიდიული პროფანაციის ძალიან თვალსაჩინო მაგალითს, სავარაუდოა, რომ დღესაც გაგრძელდება. ისინი ვერ ხვდებიან იმას, რომ ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებენ კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას, როდესაც გამოდიან და სიამაყით საუბრობენ 2003-2012 წლებზე თუნდაც და იმ დანაშაულებს, ფაქტობრივად ხდიან საქილიკოდ, რაღაცნაირად აბუჩად იგდებენ კონკრეტულ ტრაგიკულ ისტორიებს. ეს არის გაუმართლებელი და აბსოლუტურად ამორალური მიდგომა. ცეცხლზე ნავთს ასხამენ ფაქტობრივად და ხელს აწერენ იმას, რომ "ნაცობა", როგორც ასეთი, ეს არის იდეოლოგიურად აბსოლუტურად უკურნებელი სენი. მომდევნო ეტაპებზე, როდესაც იქნება პაექრობის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ საზოგადოებას ძალიან მწყობრად წარვუდგენთ, მათ შორის, აი ამ პროცესის კვალდაკვალ გამოვლენილ, მათი მხრიდან სხვადასხვა არაკონსტიტუციურ მისწრაფებების შესაბამის მაგალითებს და ბუნებრივია ამ ფონზე შეუძლებელია კითხვის ნიშანი არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" უნდა დარჩეს თუ არა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად არა", - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა.