4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებს, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდებათ. პროცესი სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. ნოემბერში ციხეს დატოვებენ ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანიაც. ამ საქმეზე ზოდელავას და ბერიძეს 7- 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი 5-5 წლით. საპროცესო შეთანხმების ზუსტი დეტალები პროცესზე გახდება ცნობილი.
"ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები ხვდებიან თავიანთი დანაშაულის სიმძიმეს და შესაბამისად, ხელისუფლებაც მათ მიმართ ჰუმანურია. კახა კალაძის თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკის ნაწილი სწორედ ჰუმანურობაა.
"ეს კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულს, ამ დანაშაულის სიმძიმეს და როგორც გითხარით, ხელისუფლებაც არის ჰუმანური და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი - ჰუმანურობა.
თქვენ ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 4 ოქტომბრამდე? თვეების განმავლობაში მიდიოდა პირდაპირ კამპანია გაჩაღებული და პირდაპირი მესიჯი იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოვაწყოთ, უნდა დავამხოთ ხელისუფლება, უნდა მოვაწყოთ რევოლუცია. თქვენ გსმენიათ რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი ელჩი გამოსულიყოს, ან ვთქვათ ევროპარლამენტარი და დაეგმო ეს ყველაფერი? როგორ დაგმობდნენ, პირდაპირ თვითონ ახალისებდნენ ამ ყველაფერს და ხელს უწყობდნენ.
შესაბამისად, 4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რასაც აჟღერებდნენ და საუბრობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად და ღირსეულად", - აცხადებს თბილისის მერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე.