საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, პლენუმის სახელით გამოაცხადა განჩინება, რომლის თანახმადაც, არ დაკმაყოფილდა პოლიტიკური გაერთიანება "გახარია საქართველოსთვის" შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე არსებითი განხილვის სხდომის გადადების შესახებ.
მოსამართლის განცხადებით, განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. იგი გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, ხოლო 15 დღის ვადაში მხარეებსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გაეგზავნება.
"პლენუმი აცხადებს განჩინების სარეზოლუციო ნაწილს საქართველოს სახელით:
არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსათვის“ შუამდგომლობა ნომერი 1979 კონსტიტუციურ სარჩელზე არსებითი განხილვის სხდომის გადადების თაობაზე.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
განჩინება გამოქვეყნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, 15 დღის ვადაში გაეგზავნოს მხარეებს და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.
ამ შემთხვევაშიც პლენუმი ერთსულოვანია ამ გადაწყვეტილების მიღებისას.
ტრადიციულად მოკლედ მოგახსენებთ მოტივს, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა პლენუმმა აღნიშნული შუამდგომლობა. მხარე აპელირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლზე, მის პირველ ნაწილზე, მესამე ნაწილზე.
რა თქმა უნდა, ეს მუხლი ერთობლიობაში უნდა იქნას განხილული და პირველ რიგში წავიკითხავ რეგლამენტის მე-15 მუხლის მესამე ნაწილს - მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ აფერხებს საქმის განხილვას.
რაც შეეხება მეორე ნაწილში მითითებული მომხსენენებელი მოსამართლის დანიშვნის შემდეგ ვალდებულია სარჩელი წარდგენილ მასალებთან ერთად ელექტრონული ფორმით გაუგზავნოს მოპასუხე მხარეს და მეორე ნაწილი - მოპასუხე მხარე ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი შესაგებელი არაუგვიანეს კონსტიტუციური სარჩელის წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
ეს ვალდებულება მიემართება ვადას და არა იმას, რომ მოპასუხე არის ვალდებული, რომ წარმოადგინოს შესაგებელი.
ის, რომ მოპასუხე არ არის ვალდებული, ამას გამორიცხავს რეგლამენტის მე-15 მუხლის მესამე ნაწილი, რომლითაც დავავიწყე ეს განმარტება. ეს მიემართება ვადას, რომ მოპასუხემ, თუ შესაგებელს წარმოადგენს, აპელირება არ მოახდინოს სასამართლოს წინაშე ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში, მაგრამ თუ მას სურს შესაგებლის წარმოდგენა და არ ზღუდავს, რომ ერთ კვირაში, ერთ დღეში, ორ დღეში, როცა მას სურს, წარმოადგინოს ეს.
ამავდროულად, მხარეს თუ ამ ტიპის სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაყენება სურდა იმ მოტივით, რომ მისთვის არასაკმარისი იყო ეს ვადა, რა ვადაშიც სხდომა ჩაინიშნა, მას უნდა წარმოედგინა ეს შუამდგომლობა სხდომის დაწყებამდე და მას ანალოგიური შუამდგომლობა სხდომის დაწყებამდე არ წარმოუდგენია. თუმცა, მან ისარგებლა შუამდგომლობის წარმოდგენის უფლებით და სხვა ტიპის შუამდგომლობა წარმოადგინა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ნამდვილად რეგლამენტით კი არის გათვალისწინებული, პრაქტიკაში არ ხორციელდება შესაგებლის წარმოდგენა და სწორედ ამითაც იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, როდესაც დანიშნა სასამართლო სხდომა - ესეც გაითვალისწინა, პლენუმმა.
ამავდროულად თქვენ და მხარეს ზოგადად ნებისმიერ დროს შეუძლია შემოიტანოს მისი განმარტებები. არსებობს პრაქტიკაში ისეთი შემთხვევაც, როდესაც მხარემ, როდესაც მას სურდა დამატებები შეეტანა მის განმარტებაში, სასამართლოს სათათბიროს გასვლის შემდეგაც წარმოადგინა წერილობითი განმარტება, რაც გადაწყვეტილებების მიღებისას სასამართლომ გაითვალისწინა.
ასე რომ, სხდომის დანიშვნა არ აფერხებს მხარეს და ამავდროულად არ რჩება რაიმე განცდა იმისა, რომ მხარე რაიმე მიმართულებით არის მოუმზადებელი. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უკვე ექმნება განცდა იმისა, რომ ეს უფრო გაჭიანურებას ემსახურება და არა საქმის გადადების აუცილებლობას. გადაწყვეტილება მიღებულია,"- განაცხადა რევაზ ნადარაია.
"გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, სხდომა ერთი თვის ვადით უნდა გადაიდოს, ათვლა კი 13 ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს. შუამდგომლობას პროცესში მონაწილე სამივე პარტია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ლელო-ძლიერი საქართველო" და "კოალიცია ცვლილებისთვის" დაეთანხმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთის წინ განახლდა. სხდომები მომავალ კვირაშიც ჩაინიშნა. უკვე გამართული ორი პროცესი კი თითქმის სრულად ოპოზიციის შუამდგომლობებს დაეთმო. მათგან მოსამართლეთა პლენუმმა არცერთი არ დააკმაყოფილა.