70 წლამდე მოქალაქეების პენსია, 2027 წლის პირველი იანვრიდან გეგმურზე ორჯერ მეტი თანხით იზრდება. ინდექსაციის წესით განკუთვნილ თანხას 25 ლარი ემატება და პენსია ამ სეგმენტისთვის 415 ლარი გახდება. ინიციატივა საზოგადოებას, დღეს, პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გააცნო. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მატების უზრუნველსაყოფად, ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარი გამოიყოფა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ბიუჯეტის 33 პროცენტი სწორედ სოციალურ დანახარჯებს ხმარდება. ამ ფონზე, ფისკალური რისკების გათვალისწინებით, სახელმწიფო 70 წლამდე მოქალაქეთათვის პენსიის ზრდას, მომდევნო წლებშიც ინდექსაციის წესით განკუთვნილზე მეტით გეგმავს.
სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო და ბიუჯეტი - ეს ის ფუნდამენტია, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხელისუფლებაა ორიენტირებული. უწყებაში დღეს განმარტავდნენ, რომ გაორმაგებული მატება განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველ პირთათვის იქნება მნიშვნელოვანი.
პენსიის გეგმურზე ორჯერ მეტად ზრდა, რომ სოციალური კუთხით შეღავათი იქნება ამას თავად ბენეფიციარებიც ადასტურებენ. ამბობენ, რომ პრემიერის ინიციატივა, მათი ცხოვრების ხარისხს უკეთესობისკენ შეცვლის.
მიუხედავად იმისა, რომ 45-ლარიან დანამატს ბიუჯეტიდან 128 მილიონი ლარი სჭირდება, ხელისუფლების ოპონენტები მაინც ამტკიცებენ რომ პენსიის უფრო მეტად გაზრდა შესაძლებელია, თუმცა ვერცერთი ვერ განმარტავს კონკრეტულად რამდენი მილიარდი დაუჯდება ეს ბიუჯეტს და რა ფისკალურ პრობლემებს გააჩენს.
ოპონენტების დამოკიდებულებას სპეკულაციურს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, კანონმდებლებმა, პენსიების ინდექსაციის წესზე მეტად ზრდის მნიშვნელობაზე უკვე იმსჯელეს. თქვეს რომ, მთავრობის ინიციატივას მიესალმებიან და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პენსიების ზრდის რესურსს ხედავენ.
2012 წლიდან დღემდე საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხა ფაქტობრივად 5 მილიარდით გაიზარდა. თუ 2026 წელს სახელმწიფოს პენსიებისთვის 5 მილიარდ 600 მილიონ ლარამდე ჰქონდა გამოყოფილი ეს რიცხვი 2012 წელს მხოლოდ მილიარდ 65 მილიონს შეადგენდა.