პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ევროპარლამენტის მხრიდან წამოსული კრიტიკა და სანქციების მოთხოვნა ძველ საბჭოთა ყრილობებს აგონებს და ისევე, როგორც წარსულში, ქართული საზოგადოება ამგვარ ანტიქართულ განცხადებებს სათანადო ყურადღებას არ უნდა აქცევდეს.
"მგონი, უკვე რთულია, რაიმე საინტერესო შედეგად შევაფასოთ ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები. ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ მტრული ტონით იღებენ, ამიტომ, აქ გასაკვირი უკვე აღარაფერია. ვხედავთ ხოლმე, რომ შემოდგომა და გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც ანტიქართული ჯგუფების მხრიდან განსაკუთრებული გამწვავებები იწყება.
ერთის მხრივ, ვხედავთ, რომ სააკაშვილი მთავარ დემოკრატად მიაჩნიათ. მეორეს მხრივ კი - კვლავ პოსტსაბჭოთა ლიდერებს, ეგრეთ წოდებულ გარბაჩოვის თანამებრძოლებს, ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სუფთა საბჭოთა მენტალიტეტის მატარებლები არიან და სწორედ ამით ჰყავთ ინფლიტრირებული ევროპარლამენტი.
უკვე ცხრა ასეთი რეზოლუცია გვაქვს ნანახი, სადაც სანქციების დაწესებას ითხოვენ - ერთ-ერთში კი ჩემი სახელი და გვარიც ამოვიკითხე. ზოგადად, რაზე უნდა ესაუბრო მათ? ევროპარლამენტი უკვე ცივილიზებულ უფსკრულში იმყოფება და იქიდან გველაპარაკება. იმისათვის, რომ მათი განცხადებები სერიოზული განხილვის საგნად იქცეს, ჯერ თავად უნდა ამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან.
ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობებს - ესთეტიკა ზუსტად ერთმანეთს ჰგავს. ინტერნეტში მარტივად მოიძებნება 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობის ჩანაწერები: ზუსტად ისე გვლანძღავდნენ მაშინ ქართველებს საბჭოთა დეპუტატები, როგორც დღეს ევროპარლამენტში. როგორც მაშინ არ მიაქცია ყურადღება ქართველმა ხალხმა ამ ლანძღვას, ზუსტად ისე არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ახლაც იმ პირდაპირ ზიზღს, რომელიც ზოგიერთ ევროპარლამენტარს ქართველი ხალხის მიმართ აქვს. ადამიანს მისივე ლექსიკა და რიტორიკა ამხელს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.