09 ოქტომბერი 2026,   21:45
ვრცლად
მნიშვნელოვანი აქცენტები, რაც საქართველომ გააკეთა, იყო პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოპოვების საკითხი - მარიამ ლაშხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ტანზანიაში გრძელდება. დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე, მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართება.

დელეგაციები ასამბლეის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. აღნიშნულ პოზიციაზე სამი ქვეყნის კანდიდატია წარდგენილი, ასამბლეის პრეზიდენტობა ჩილეს, ავსტრალიასა და აზერბაიჯანს სურს. მათი არჩევის პროცესში მონაწილეობს ქართული დელეგაციაც.

პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტის ფარგლებში ორ მხრივ შეხვედრებსაც მართავს, დელეგაციის წევრებთან ერთად უკვე შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, უზბეკეთისა და მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს.

ასამბლეის ფარგლებში, ასევე შედგა ნაურუსა და საქართველოს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, პირველი შეხვედრა საპარლამენტო დონეზე.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, ორმხრივ შეხვედრებზე მნიშვნელოვანი აქცენტები, რაც საქართველომ გააკეთა, იყო ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოპოვების საკითხი.

"შევხვდით როგორც დიდი ბრიტანეთის, ოკეანეთის, ასევე ევროპულ და აზიურ ქვეყნების სპიკერებს. მნიშვნელოვანი აქცენტები, რაც საქართველომ გააკეთა იყო, პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოპოვების საკითხი.

ჩვენი საუბარი შეეხებოდა აღიარების გაწვევას და ვხედავთ, რომ ნაურუს ძალიან კარგი მაგალითი არსებობს, რომელმაც გაიწვია აღიარება. სხვა ქვეყნებთანაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით საუბარს.

მნიშვნელოვანი იყო ასევე იმ კუთხით, რომ გაეროს რეზოლუციებზე ტენდენცია არის პროგრესული, უფრო და უფრო მეტი ქვეყნის მხარდაჭერა აქვს ჩვენს რეზოლუციებს და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იყო ორმხრივ შეხვედრებზე. ასევე გამოვყოფდი დიდ ბრიტანეთთან შეხვედრის საკითხს, რომელთანაც ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

 
დღის ამბები