პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარტია "ახალში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარტია "ახალი" იშლება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებმა ამომრჩეველი და საზოგადოების მხრიდან ნდობა სრულად დაკარგეს.
მისივე შეფასებით, ამ ძალების ერთადერთი მაცოცხლებელი ძალა დღეს უცხოური დაფინანსებები და ბრიუსელია, შიგნით კი მუდმივი დაუსრულებელი ციკლი – ერთმანეთთან დაპირისპირება, დაშლა და ხელახალი გაერთიანებაა.
"რა პროცესიც არის რადიკალურ ოპოზიციაში, ჩვენ ვნახეთ IRI-ის კვლევით. რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა არის გამქრალი, არის განულებული. მათ მთლიანად დაკარგეს საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც 2024 წელს ჰყავდათ და მთლიანად დაკარგეს ნდობა საზოგადოებაში.
ერთადერთი, დღეს ვინც ასულდგმულებს რადიკალურ ჯგუფებს, ეს არის უცხოეთი. ეს არის ბრიუსელი, ეს არის სხვადასხვა ჯგუფები, დაფინანსებები, რომლითაც ცდილობენ, რომ შეუნარჩუნონ რაღაც პულსი მომაკვდავ პოზიციაში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას. ამიტომ, ეს აგონიაა ჩვეულებრივი, როდესაც მიხვდნენ, რომ სრულად გაფანტეს ყველანაირი მხარდაჭერის რესურსი, რა თქმა უნდა, ახლა ერთმანეთს დაერევიან, ერთმანეთს დააბრალებენ. კიდევ ერთხელ, ეს ერთი და იგივე წრე არის. მათ მთავარი, რაც არის, რომ ჯერ ვითომ ცალ-ცალკე არიან, შემდეგ გაერთიანდებიან ერთიან ფრონტში, შემდეგ იჩხუბებენ, ისევ გაიყოფიან, შემდეგ ისევ გაერთიანდებიან, ისევ იჩხუბებენ, ისევ გაიყოფიან.
ეს არის ერთი და იგივე ციკლი, რომელშიც არიან ისინი მოქცეული მარტივი მიზეზის გამო - რომ შხამიანი თესლისგან კეთილი ნაყოფი ვერ გაიზრდება. ეს რადიკალური ოპოზიცია არის შხამიანი თესლი, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თავის წინააღმდეგაც არის და საკუთარ თავსაც წამლავს," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.