მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი აქცია იყო დაანონსებული, რამდენიმე ადამიანი მივიდა. მათ შორის არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ მოთხოვნა კადრების სრულად გასაჯაროებაა.
ამასთან, პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ საკითხი ბევრ ადამიანს აწუხებს და მისი სიმწვავე ადგილზე მისული ადამიანების რაოდენობით არ განისაზღვრება.
"რთული მისადგომია და საკმაოდ გაგვიჭირდა ჩვენც მოსვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას ეს თემა არ აწუხებს. [საკითხის სიმწვავე] სადმე ხალხის მისვლის რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული ნამდვილად," - განაცხადა ფიქრია ჩიხლაძემ.
შეკრებილები დავითაძეზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ, თუმცა საპირისპიროს აჩვენებს გუშინ გავრცელებული კადრები. სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯვარდებულ გიორგი დავითაძის ბრალდებებს პასუხობს. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, უწყება ასაჯაროებს დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს, დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს, რა დროსაც, პატიმრის მტკიცებით, მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა, რაც, უწყების განცხადებით, არის სრული სიცრუე.
პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ, დეესკალაციის საკანში გადაყვანისას, მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, რაზეც გიორგი დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დავითაძის საქმე და ვიდეოჩანაწერები დეტალურად შეისწავლა სახალხო დამცველის აპარატმაც. ომბუდსმენის ინფორმაციით, აპარატმა მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა.