02 ოქტომბერი 2026,   16:53
ვრცლად
არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი - პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მსჯარდებულ გიორგი დავითაძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე ეხმაურება.

პატარიძის განცხადებით, არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. გავრცელებულ ვიდეომასალაში ცალსახად და ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების უკლებლივ ყველა თანამშრომელს.

ისინი გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით და აქვე განვმეორდები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაინტერესებულ მხარეებს, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით გამოითხოვონ შესაბამისი ვიდეომასალა, რომელიც ითვალისწინებს უკვე 2026 წლის 3 მარტიდან, დღეის მდგომარეობით სრულ გადაადგილებას მსჯავრდებულ დავითაძესი, ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან", - განაცხადა გიორგი პატარიძემ. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს, რა დროსაც, მსჯავრდებულის განცხადებით, მოხდა მასზე სექსუალური ძალადობა, რაც უწყების განცხადებით არის სრული სიცრუე. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, რაზეც მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

დღის ამბები