საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით უმრავლესობაში კიდევ ერთხელ ეხმიანებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნული შედეგი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის და ოპოზიციის მავნებლური საქმიანობის ლოგიკური ასახვაა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ხელსუფლება ინარჩუნებს სტაბილურობას, მშვიდობის პოლიტიკას და ამ ყველაფერს მოსახლეობა ხედავს.
"რა თქმა უნდა, ის სხვაობა, რაც არის "ქართულ ოცნებასა" და მთლიანად ჯამში ოპოზიციას შორის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ლოგიკურია. სწორედ ჩვენი მშვიდობის პოლიტიკიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა ვითარდება, ვინარჩუნებთ სტაბილურობას, რეალურად სუვერენიტეტი იგრძნო ჩვენმა მოსახლეობამ, ხოლო ოპოზიციისგან, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა აგენტურით არის დაკომპლექტებული, მით უმეტეს ბოლო წლების განმავლობაში, ხედავენ მხოლოდ საბოტაჟირების მცდელობას, მხოლოდ რევოლუციის მოწყობის სურვილს", – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, საუბარია კვლევაზე, რომელიც ოპოზიციამ დაუკვეთა, თუმცა შედეგების გამოქვეყნება დამალა. სოციალურ ქსელში გავრცელებული მონაცემებით, ცალკეულ ოპოზიციურ ჯგუფებს ერთ-ორ პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ, ჯამში 16 პროცენტი.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" მაჩვენებელს, პირდაპირი პასუხებით ეს 36 პროცენტია, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გადანაწილებით კი, 55 პროცენტს აღწევს.
მსგავსი მაღალი მონაცემი IRI-ის კვლევაში "ქართულ ოცნებას" არასდროს ჰქონია, ასევე რეკორდულად დაბალია ოპოზიციის რეიტინგი.