"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი IRI-ის სკანდალურ კვლევას ეხმაურება. მისი თქმით, კვლევასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და ელოდება თავად კვლევითი ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას.
"ჩვენ მართლა არ დაგვიმალავს, იმიტომ რომ არ გვქონია ინფორმაცია, გულწრფელად გეუბნებით.
რაც შეეხება კვლევის შედეგებს, ზოგადად, ჩვენ არაერთხელ გვახსოვს კვლევები, რომელშიც შეიძლება რაღაცა დინამიკები ჩანდეს ხოლმე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად კარდინალურად განსხვავებული შედეგები იდებოდა ხოლმე. ["ქართული ოცნება"] ისტორიულ მაქსიმუმზე ვერანაირად ვერ იქნება, ის, რომ მინიმუმზე იქნება, ეს ნამდვილად "ოცნებაა."
ჯერ მართლა ოფიციალურად არ ვიცნობთ ამ კვლევის სტატისტიკას, ამიტომ ახლა რაც გავრცელდა, თუ ეს სიმართლეა, ალბათ IRI-იც განაცხადებს. ველოდებით IRI-ს ოფიციალურ პოზიციას, იმიტომ რომ მე არ მომისმენია პირადად და ჩვენც ესე საჯარო წყაროებიდან გავიგეთ," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
რატომ დამალა ოპოზიციამ IRI-ის კვლევა, რომელიც თავად დაუკვეთა?! - სოციალურ ქსელში შედეგები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1% ან 2% აქვთ, ჯამში კი 16%. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36%, ალოკაციით კი 55%. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს "ქართული ოცნებისთვის" 36% არცერთ კვლევაში არ დაუწერია.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე.