17 სექტემბერი 2026,   17:12
ვრცლად
აშშ-ში ისედაც ძალიან მკაცრი კანონი კიდევ უფრო მკაცრდება და მიზანი გახლავთ, რომ აშშ-ში არ შეაღწიოს უცხოური ძალების ინტერესებმა, მათ შორის, უცხოურმა ფულმა, თქვენ წარმოიდგინეთ, თუ აშშ-ს ეს სჭირდება, როგორ სჭირდება საქართველოს - გურამ მაჭარაშვილი

აშშ-ში უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) მოსალოდნელ გამკაცრებას პარტია "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.

მისი განცხადებით, თუკი სუვერენიტეტის დასაცავად მკაცრი რეგულაციები შეერთებულ შტატებს სჭირდება, საქართველოსთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც ჩვენ, "ხალხის ძალამ" დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი და შემდგომ უკვე მივიღეთ FARA-ს ანალოგიური.
ვიცით რომ, მათ შორის, შეერთებულ შტატებში ისედაც ძალიან მკაცრი კანონი კიდევ უფრო მკაცრდება და მიზანი გახლავთ ის, რომ შეერთებულ შტატებში არ შეაღწიოს უცხოური ძალების ინტერესებმა, მათ შორის, უცხოურმა ფულმა.
თქვენ წარმოიდგინეთ, თუ შეერთებულ შტატებს ეს სჭირდება და ნამდვილად სჭირდება, როგორ სჭირდება ეს საქართველოს. ეს კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ნაბიჯები იყო მართალი. ეს არის ზუსტად მიზანი, რომ არსებობდეს ქვეყანაში ისეთი კანონი, რომლითაც უნდა დარეგულირდეს უცხოური ფულის შემოსვლა საქართველოში. რომ საქართველოს სახელმწიფომ იცოდეს, ვინ რა თანხებს რიცხავს და რა მიზნით საქართველოში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებულია FARA-ს კანონმდებლობის გამკაცრების პაკეტი, რომელიც სოციალური ქსელების ინფლუენსერებსაც ეხება.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დააანონსა ყველა იმ უცხოელის ვიზის გაუქმება, რომელიც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და სავალდებულო რეგისტრაციას არ გაივლის.

დღის ამბები