მობილური ტელეფონების გამოყენება ახალი სასწავლო წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საშუალო სკოლაში აიკრძალება. მთავრობის წარმომადგენელმა, მოდ ბრეჟონმა დაადასტურა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც ამ შეზღუდვას ითვალისწინებს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
„საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვა საკონსტიტუციო საბჭომ დაამტკიცა. შესაბამისად, რესპუბლიკის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ხელი მოაწეროს კანონს იმ მუხლების გარეშე, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული, რათა უკვე დამტკიცებული მექანიზმების გამოყენება სტაბილური სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში გახდეს შესაძლებელი. მარტივად რომ ვთქვათ, საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვა ახალი სასწავლო წლიდან, სტაბილური და სრულად ჩამოყალიბებული საკანონმდებლო საფუძვლის ფარგლებში, ამოქმედდება", - განაცხადა ბრეჟონმა.
მედიის ინფორმაციით, შესაძლოა დაწესდეს გარკვეული გამონაკლისები, რათა მობილური ტელეფონების გამოყენება ხელმისაწვდომი იყოს საგანმანათლებლო მიზნებისთვის ან კონკრეტული ადმინისტრაციული საჭიროებისთვის. გამონაკლისი შეეხება იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც საშუალო სკოლებში სპეციალურ კურსებს გადიან, მაგალითად, საფრანგეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს.
თუმცა, მობილური ტელეფონების აკრძალვა ამოქმედდება 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვის გარეშე. ეს უკანასკნელი საკონსტიტუციო საბჭომ ამ თვის დასაწყისში გააუქმა. პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ უკვე განაცხადა, რომ კანონპროექტის ახალი ვერსია მომზადდება, რომელიც ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი ორგანოს მიერ გამოთქმულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.