იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მაშველები და სამხედროები კუმამოტოს პრეფექტურაში ნანგრევებში დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.
ათასობით ოჯახი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი, დაზიანებულია საკომუნიკაციო ქსელიც, 9 ათასზე მეტი ადამიანი კი დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.
შეფერხებით მუშაობს რკინიგზა და აეროპორტები. ხელისუფლება მოსახლეობას განმეორებითი ძლიერი ბიძგების და მეწყერების საფრთხის შესახებ აფრთხილებს.