შეურაცხმყოფელი ფრაზები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და წინააღმდეგობა სამართალდამცველებს - საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ 10 პირი დააკავა. თავდაპირველად, თორნიკე თოშხუა აიყვანეს. მოგვიანებით, კიდევ - 9 პირი. 10-ვე მათგანი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.
თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება მალევე გაავრცელა. უწყებამ დაკავების რეალური მიზეზები განმარტა, თუმცა ოპოზიციამ საკითხით სპეკულირება მაინც სცადა. ამტკიცებენ, რომ თოშხუა მხოლოდ ბანერზე წარწერის გამო დააკავეს. რეალურად კი, ოპოზიციონერი აქტივისტები სამართალდამცველების მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ. სწორედ ამიტომ, "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტები პროვოკაციულად იქცევიან და დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.
ფაქტებისა და განმარტებების მიუხედავად, ოპოზიცია მომხდარს მაინც საკუთარი ინტერპრეტაციით განიხილავს. მათთვის არც შეურაცხყოფაა უკანონო ქმედება და არც სამართალდამცველის დაუმორჩილებლობა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი აქტივისტების საზოგადოებას აღარ სჯერა. გურამ მაჭარაშვილი ოპონენტებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის სიცრუეს ფაქტები ამხელს.
თბილისის საკრებულოსთან, ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა და კიდევ 9 პირი გუშინ დააკავეს.