საქართველოში ახალი მოძრაობა დაფუძნდა - საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, მათი მიზანი სიწმინდეების, ეროვნული ღირებულებების დაცვა და მათ შეურაცხყოფაზე რეაგირებაა. მოძრაობის წევრებმა ისაუბრეს ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც მათი თქმით, გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი ქართველიშვილის განმარტებით, ორგანიზაცია აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ღირებული ფასეულობების დაცვა სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხისმგებლობაა და არა არაფორმალური ორგანიზაციების.
"როცა ქვეყანაზე ვსაუბრობთ, სამართლებრივი სახელმწიფო არის შექმნილი, სახელმწიფოს ინსტიტუციები უნდა მუშაობდნენ და იცავდნენ ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული და არა არაფორმალური ორგანიზაციები. როდესაც არაფორმალური ორგანიზაციები იწყებენ დაცვას, თუნდაც მნიშვნელოვანი ღირებულებების, დეკლარირებულ დონეზე მნიშვნელოვანი ღირებულებების, ეს არის ძალიან სახიფათო ქვეყანაში არსებული მდგომარეობისთვის", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.