აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შიდასასოფლო და ცენტრალური გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების პირობებს, გაზრდის ტურისტული ლოკაციების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მთიანი მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ განვითარებას.
"დღეს მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მოვინახულეთ. ბათუმი-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი გზის შუახევი-ხულოს მონაკვეთზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია, რაც გადაადგილებას უფრო სწრაფს, უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. ასევე, გავეცანით დანისპარაული-მწვანე ტბა-შავი ტბა- გოდერძის უღელტეხილის დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და ხულო–ზარზმის გზაზე მიმდინარე სამუშაოებს. აღნიშნული პროექტები გააუმჯობესებს ტურისტული ლოკაციების ხელმისაწვდომობას, კომფორტულს გახდის გადაადგილებას, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე რეგიონის სტუმრებისთვის", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 69-79-ე კილომეტრზე 13.3-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი გზის სრულ განახლებას ითვალისწინებს და მისი დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე რეგიონის სტუმრებისთვის.
ზურაბ პატარაძე ასევე გაეცნო დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის მიმართულებით მიმდინარე 6.2-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთანდააკავშირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
აქტიურად გრძელდება ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია. ამ ეტაპზე ავტობუსის მოსაცდელებისა და ზედა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას უტარდება. სამუშაოები მიმდინარეობს მეწყრულ მონაკვეთებზეც, სადაც ფერდების გამაგრება, ჭაბურღილების ბურღვა-მოწყობა და საყრდენი კედლების მშენებლობა გრძელდება. აღნიშნული გზის განახლება აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს დაახლოებით 1.5 საათით შეამცირებს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.
მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, რეგიონის საავტომობილო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა შავაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე,აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და შუახევის მერი ომარ ტაკიძე გაეცნენ.