24 ივლისი 2026,   19:07
ვრცლად
ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ისაა, როდესაც ჩემი შვილის პიროვნებას მხოლოდ ერთი კონკრეტული ეპიზოდით აფასებენ, მე არ გამიზრდია მოძალადე - ნიკო ხურცილავას დედა

ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ის არის, როდესაც ჩემი შვილის პიროვნებას მხოლოდ ერთი კონკრეტული ეპიზოდით აფასებენ. მე არ გამიზრდია მოძალადე. არასოდეს მისწავლებია მისთვის, რომ ძალადობა პრობლემის გადაჭრის გზაა, - აცხადებს ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული პირის - ნიკო ხურცილავას დედა.

ის საზოგადოებას სთხოვს, ვიდრე ადამიანს განსჯის და მოძალადის იარლიყს მიაწებებს, შეეცადოს, სურათი სრულად, მთლიანობაში დაინახოს.

"როგორც დედა და როგორც პედაგოგი, დღეს ვალდებულად მივიჩნევ თავს, რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებმაც ჩემი შვილის სახელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია.

მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვების აღზრდას, განათლებას და ადამიანური ღირებულებების სწავლებას მივუძღვენი. სწორედ ამიტომ, ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ის არის, როდესაც ჩემი შვილის პიროვნებას მხოლოდ ერთი კონკრეტული ეპიზოდით აფასებენ.

მე არ გამიზრდია მოძალადე. არასოდეს მისწავლებია მისთვის, რომ ძალადობა პრობლემის გადაჭრის გზაა. პირიქით, ყოველთვის ვასწავლიდი პატივისცემას, პასუხისმგებლობას, უფროსის დაფასებას, ღირსების დაცვას და საკუთარი ქვეყნის სიყვარულს. ეს ის ფასეულობებია, რომლებითაც ჩვენს ოჯახში თაობები იზრდებოდნენ.

ჩემი შვილი ახალგაზრდა ქართველი კაცია, რომლისთვისაც სამშობლო, მართლმადიდებლობა, ტრადიციები და ეროვნული ღირსება მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს მისი ცხოვრების ნაწილია. მას გულწრფელად სჯერა, რომ ამ ღირებულებების დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამ რწმენით ცხოვრობს.

შესაძლოა, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი იყოს ეს კონკრეტული ფაქტი. შესაძლოა, განსხვავებული აზრი გვქონდეს იმაზე, თუ როგორ უნდა იცავდეს ადამიანი საკუთარ შეხედულებებს, მაგრამ მე ვხედავ იმ ბავშვს, რომელიც საკუთარი ქვეყნის სიყვარულით გავზარდე. ვხედავ შვილს, რომელიც ყოველთვის პირნათლად აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე.

მინდა, საზოგადოებას ერთი რამ ვთხოვო - სანამ ადამიანს განსჯით და მოძალადის იარლიყს მიაწებებთ, შეეცადეთ, სურათი სრულად, მთლიანობაში დაინახოთ.

დედისთვის შვილი ყოველთვის შვილია. მე მჯერა მისი, მჯერა იმ აღზრდისა და განათლების, რომელიც მივეცი და მჯერა, რომ სიმართლე საბოლოოდ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს", - აცხადებს ნიკო ხურცილავას დედა. 

დღის ამბები