23 ივლისი 2026,   00:17
ვრცლად
საფრანგეთში ივნისის სიცხის დროს 5700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა - The Guardian

საფრანგეთში ივნისის სიცხის დროს 5700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა - აცხადებენ ხელისუფლებაში.

სამხრეთ ევროპის დიდ ნაწილში კი, რეკორდულად მაღალი ექსტრემალური ტემპერატურა გრძელდება.

საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ 17 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში 5,764 სიკვდილიანობა დაფიქსირდა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის 36%-იან ზრდას ნიშნავს.

სააგენტოს ცნობით, ამ უპრეცედენტო მაჩვენებლის ნახევარზე მეტი 25-დან 27 ივნისამდე პერიოდზე მოდის, ხოლო გარდაცვლილთა დაახლოებით ორ მესამედს 75 წლისა და უფროსი ასაკის პირები შეადგენდნენ.

შედარებისთვის, გასულ წელს, მთელი ზაფხულის განმავლობაში, საფრანგეთში ოდნავ ნაკლები - 5,722 ადამიანის სიკვდილიანობა დაფიქსირდა.

ესპანეთში კი, მეხანძრეები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარმა მადრიდის ჩრდილოეთით, გვადალახარას რეგიონში, დაახლოებით 32,000 ჰექტარი (79,000 აკრი) ფართობი გადაწვა, რის გამოც მეჩხერად დასახლებული ტერიტორიის 34 სოფლიდან 1,200 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ხოლო 14 სოფელში გადაადგილება შეიზღუდა.

ესპანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს (Aemet) ცნობით, ტყის ხანძრების საფრთხე კვლავ ძალიან მაღალია და მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება. სააგენტომ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა 42-44°C ტემპერატურისა და მშრალი დასავლეთის ქარის ფონზე. მეცნიერების თქმით, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება ზრდის სიცხის ტალღების, გვალვებისა და ტყის ხანძრების სიხშირესა და ინტენსივობას, ამასთანავე ქმნის პირობებს უეცარი, დამანგრეველი შტორმებისთვის.

გვადალახარას ხანძრამდე ორ კვირაზე ნაკლები ხნით ადრე, სამხრეთ ესპანეთში დამანგრეველმა ხანძარმა 13 ადამიანი იმსხვერპლა, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა იყო.

 

დღის ამბები