22 ივლისი 2026,   22:26
ვრცლად
ორმხრივი პარტნიორობა და ახალი ინვესტიციები - ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სინგაპურში და მაღალი დონის შეხვედრები

ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის მზარდი ტენდენცია და საინვესტიციო ეკონომიკური მიმართულებით კავშირების გაღრმავების პოტენციალი - სინგაპურში ირაკლი კობახიძის პირველი სახელმწიფო ვიზიტის დროს გამართული ოფიციალური შეხვედრების მთავარი განხილვის თემაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს სინგაპურელმა კოლეგამ უმასპინძლა. ირაკლი კობახიძემ პრემიერს საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო გააცნო.ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის კუთხით.

ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესგარემო განიხილა ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დროსაც. ითქვა, რომ სავაჭრო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების გაძლიერების კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, სინგაპურის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებთან და საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

სინგაპურში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ფინტეკ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და განსაკუთრებული როლი დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში, თავისუფალი ბიზნესგარემო, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, პროგნოზირებად საკანონმდებლო ჩარჩო და მაკროეკონომიკურ სტაბილურობა, ხელსაყრელი პირობებს ქმნის ახალი ფინანსური სერვისების დანერგვისა და ორი ქვეყნის ბიზნესსექტორს შორის,გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად.

ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმაც. მარიამ ქვრივიშვილი ტრანსპორტისა და ციფრული განვითარების მინისტრებს შეხვდა. საზღვაო ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია - მხარეები საკვანძო დარგებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. საქართველო, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი დიდ ყურადღებას უთმობს ინვესტიციების მოზიდვას ინფრასტრუქტურაში -პორტების, რკინიგზის მაგისტრალების და აეროპორტების განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაზიანში, ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის საკითხს. "ჩანგის აეროპორტების საერთაშორისო გაერთიანების" ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა დააანონსა, რომ ჩანგის აეროპორტების ჯგუფი, მონაწილეობას მიიღებს თბილისში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის ტენდერში.

სინგაპურში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაირკვა, რომ 2027 წლის იანვრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ერთი სემესტრი გაატარონ სინგაპურის მართვის უნივერსიტეტში. გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საფუძველი ჩაეყრება პირველ ინსტიტუციურ გაცვლით პროგრამას უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოსა და სინგაპურს შორის. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ასევე მიეცემათ შესაძლებლობა, სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებში.

დღის ამბები