22 ივლისი 2026,   00:31
ვრცლად
სვანური კოშკები, მყინვარების შთამბეჭდავი პანორამა, ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლება და კინო ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე - სვანეთის კინოფესტივალი "დალი" მეექვსედ გაიხსნა

სვანური კოშკები, მყინვარების შთამბეჭდავი პანორამა, ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლება და კინო ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე - სვანეთის კინოფესტივალი "დალი" მეექვსედ გაიხსნა. ყველაზე მაღალმთიანი კინო სივრცე წელს უპრეცედენტო მასშტაბისაა - უშგულმა 100 ზე მეტ სტუმარს, მაღალი დონის ფესტივალების პროგრამერებსა და კინომოყვარულებს უმასპინძლა.

ღონისძიება ძველი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებით გაიხსნა. ღია ცის ქვეშ მოწყობილ დარბაზში, მაყურებელმა დიდ ეკრანზე "ფეოლა", "ბურთი და მოედანი" და "სერენადა" იხილა.

კინოფესტივალის პროგრამა წელს განსაკუთრებით დატვირთულია. 15-ზე მეტი მასტერკლასი ცნობილი ქართველი და უცხოელი რეჟისორებისგან. საბავშვო ანიმაციები, სრულმეტრაჟიანი ქართული და უცხოური ფილმები. წელს განსაკუთრებული სტუმარი ირანელი რეჟისორი ამირ ნადერია.

სვანეთის საერთაშორისო ფესტივალი "დალი" 2021 წელს რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა და პროდიუსერმა თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააარსეს.

მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართული კინოს საერთაშორისო განვითარებისა და მხარდაჭერისთვის.

ფესტივალი კულტურის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, შემოქმედებითი საქართველოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები